სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

სესიაშვილი: დასავლელი პარტნიორების შეშფოთება პრევენციული ხასიათისაა

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების შეშფოთება პრევენციული ხასიათისაა. დეპუტატის თქმით, იმაში, რომ  სააკაშვილი დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული, საგანგაშო არაფერია. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო კიდევ  ერთხელ დაამტკიცებს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელია.

”ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები იყოს და ეს ასეც არის. მათი შეშფოთება უფრო მეტად პრევენციული ხასიათისაა, რათა დასავლელი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს. საგანგაშო არაფერი არ არის. ყოფილი პრეზიდენტი , დღეს უკვე რიგითი  მოქალაქე დაბარებულია მოწმის სახით დაკითხვაზე, საუბარი  ყველაზე გახმაურებულ საქმეებს შეეხება, რომელზეც  თავად შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვიწოდებდნენ, რომ გამოგვეძიებინა. იმისათვის, რომ გამოვიძიოთ და საერთაშორისო საზოგადოებას  ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ, ცხადია, პირველი პირისგან უნდა შევიტყოთ,  ამა თუ იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით რამდენად იყო ის ინფორმირებული”,-აცხადებს სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გამოხატული რეაქციები გადამეტებულია.

"მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობა ისტერიკაშია და ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქცია  მოთხოვოს,  რათა საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. თუ ვინმეს ეშინია, ეს სხვა პრობლემაა. ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერი თავისი მოქალაქის მიმართ იქნება ადეკვატური და კანონის ფარგლებში იმოქმედებს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება ყოფილი, თუ მოქმედი ხელისუფალი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსოფლიოში არსებობს ათობით და ასობით მაგალითი, როდესაც პირველი პირები, იგივე  საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პასუხისგებაში მიუციათ, ან დაკითხვაზე ყოფილან. გასაკვირი ამაში არაფერია. ჩვენ პასუხს ვაგებთ  იმაზე, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და დარწმუნებული ვარ, არავის დამატებითი კითხვები არ გაუჩნდება",-აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.  

კომენტარები