სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ადვოკატი: სამხილები ვისზეც გაქვს, მოწმის სახით არ უნდა დაიბარო დაკითხვაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ თუკი, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, აქვთ სამხილები სააკაშვილის წინააღმდეგ, მას ბრალი უნდა წარუდგინონ. რადგან თუ გაქვს სამხილები ვინმეს წინააღმდეგ, ის მოწმის სახით დაკითხვაზე არ უნდა დაიბარო.

”დაკითხვაზე გამოცხადებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, ვინაიდან, პირველ რიგში, თავად ეს დაკითხვა, სამართლებრივ შინაარსს არ ატარებს, ვინაიდან ამბობენ უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ აქვთ სამხილები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა მისი მოწმის სახით დაკითხვა. ადგილი აქვს ფარისევლობას. თუ აქვთ სამხილები, მაშინ უნდა წარუდგინონ მას ბრალი. სამხილები ვის წინააღმდეგაც გაქვს, ის მოწმის სტატუსით არ უნდა დაიბარო დაკითხვაზე, იმიტომ რომ კანონი არ იცნობს მოწმის დაკითხვას მის საქმეზე”, - თქვა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს 11:00 საათზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა, ის არ გამოცხადდა. დღესვე სააკაშვილი მის დაკითხვაზე დაბარებას Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. 

”2 წლის განმავლობაში მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული უმრავლესობა მთელ ძალისხმევას, არა ქვეყნის განვითარებასა და შენებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოპონენტების დევნას ახმარდნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიზნით წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ.

მათ ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერმინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია, დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა, ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს.

ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს!

ჩვენი რეგიონი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია. მთელმა მსოფლიომ როგორც იქნა ყურად იღო ჩვენი მოთხოვნები. ნუთუ, ახლა სწორი დროა, რომ ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი და დიდი ძალაუფლების მქონე პიროვნების პირად ამბიციებს გადავაყოლოთ ჩვენი - თავისუფალი მსოფლიოს, თავისუფალი მოქალაქეების მომავალი?”, - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების უწყება ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ 26 ივლისს ჩაიბარა. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი".

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები