სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდა. ის უწყებაში 11:00 საათზე დაკითხვაზე იყო დაბარებული. პროკურატურასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 26 ივლისს ჩაიბარა. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი".

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები