სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ჯაფარიძე სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: ეს კრემლის დაკვეთაა

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება „კრემლის დაკვეთაა". ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის, სასამართლოს კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა „ივანიშვილის ხუშტურებში" მონაწილეობას არ აპირებს:

„ცხადია, ეს არის პირდაპირი კრემლის დაკვეთა, რომლის მიზანია, მაქსიმალურად შეზღუდონ სააკაშვილის აქტიურობა, როდესაც ის ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევის მობილიზებას უკრაინის და საქართველოს პრობლემებთან მიმართებაში. რაც შეეხება მონაწილეობას, სააკაშვილმა ადრე უკვე განაცხადა, რომ თუ სასამართლოს ექნება რაიმე შეკითხვა მასთან, ის მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. რაც შეეხება პროკურატურაში დაბარებას და წინ და უკან სირბილს, ეს არის ივანიშვილის ხუშტურები და ის არ აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას", - ამბობს ჯაფარიძე.

მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების უწყება ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ 26 ივლისს ჩაიბარა. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში".

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები