საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

საქართველო მზად არის უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების საქმეში უკრაინის ახალ მთავრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პასუხისმებლობა ეკისრება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა გაამართლოს უკრაინელი ხალხის მოლოდინი, დაძლიოს კრიზისი, უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად განხორციელება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რაც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდ ევროპულ ოჯახში უკრაინის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, წარმატებას უსურვებს ახალ მთავრობას, ქვეყნის ისტორიის განვითარების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ამასთან, მთავრობის სახელით, მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მათი სურვილის შემთხვევაში, გაუზიაროს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები