საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

არახამია: ყურადღება არ მიაქციოთ ოლიგარქის შეკვეთით ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ FAKE-ებს

დავით არახამია და ირაკლი ღარიბაშვილი

"გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფეიქებს, ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრს, რომელიც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით".- ასე ეხმაურება ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, რომელმაც პარლამენტის სესიაზე თქვა, რომ დავით არახამია აშშ-სა და ევროპაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. 

არახამიამ ღარიბაშვილის საპასუხოდ ვიდეო ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაეხმარება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მარიონეტი ხელისუფლება ჰყავს  და ქართველი ხალხი მძევლად იმყოფება. 

არახამია ამბობს, რომ ქართველ ხალხს ევროპაში ყოფნა სურს და ახლახან ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა აქციამ ეს მკაფიოდ აჩვენა. 

" ​ჩვენ, უკრაინა, როგორც უკრაინის ხელისფულება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი და გთხოვთ არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფეიქებს, ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრს, რომელიც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით. ძალიან საწყენია, რომ მთელი საქართველო, მისი კეთილგანწყობილი ხალხი, რომელმაც შეიფარა ჩვენი ლტოლვილები, ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს გახდნენ ერთი ოლიგარქის მძევლები. ამიტომ ქართველებო გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მომავალი გვაქვს ევროპის გზაზე".- ამბობს დავით არახამია. 

 

კომენტარები