საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რუსეთის პრობლემის მიმართ

აშკარაა, რომ ყველაზე დიდი საგარეო ფაქტორი, რომელიც მოქმედებს საქართველოს მდგომარეობაზე – რუსეთია. ეს იმდენად ცხადია, რომ ამას ჩვენთან თითქმის არავინ უარყოფს. არანაკლებ აშკარაა, რომ ეს ფაქტორი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს გარემოება ყველაზე თვალსაჩინოა, თუმცა ამით რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ ამოიწურება. შესაბამისად, ის, თუ როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება რუსული ფაქტორის მენეჯმენტს, შეიძლება ჩაითვალოს მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად.

ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების საჯარო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიმართ საქართველოს პოზიციის შერბილების საჭიროება.

პრობლემები რუსეთთან ბრალდებოდა სააკაშვილის „ხისტ" რიტორიკას. იმ პერიოდშივე ივანიშვილმა წარმოგვიდგინა სხვაგვარი რიტორიკის მაგალითები, როდესაც რამდენჯერმე სრულიად უსამართლოდ და ფაქტებთან წინააღმდეგობაში ისაუბრა საქართველოს პასუხისმგებლობაზე 2008 წლის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ამის გარდა, ის გამოთქვამდა პუტინისთვის მოსაწონ სხვა მოსაზრებებს – მაგალითად, გაამართლა ამ უკანასკნელის ვენდეტა მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ. რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება გახდა ქართული ოცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება.

უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სცადეს ამის გაკეთება, თუმცა სრულიად წარუმატებლად. ეს სულაც არაა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან „ურთიერთობის დათბობა" თავიდანვე იყო ისეთივე არარეალური დაპირება ქართული ოცნების მხრიდან, როგორც, მაგალითად, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრება. ან, უფრო ზუსტად, ამაზე არარეალურიც კი.

რუსეთმა შეუშვა თავის ბაზარზე ქართული პროდუქციის ზოგი სახეობა, მაგალითად, ღვინო და მწვანილი. რუსეთის ამ დიდი დათმობის სანაცვლოდ, საქართველომ უპირობოდ გამოუშვა ციხიდან რუსული დაზვერვის აგენტები.

ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იყო ზურაბ აბაშიძის დანიშვნა სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. მას მერე აბაშიძე რეგულარულად ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გრიგორი კარასინს, რომელსაც ესაუბრება ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობაზე, თუმცა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციის პრობლემა აბაშიძის მანდატში, მისივე სიტყვებით, არ შედის.

ახალმა ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ გაწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე. მართლაც, რუსეთმა შეუშვა თავის ბაზარზე ქართული პროდუქციის ზოგი სახეობა, მაგალითად, ღვინო და მწვანილი. რუსეთის ამ დიდი დათმობის სანაცვლოდ, საქართველომ უპირობოდ გამოუშვა ციხიდან რუსული დაზვერვის აგენტები, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ; შეასუსტა დასავლეთში ჩვენი ინტერესების ლობირება რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, 2008 წლის ომთან და მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით; ზოგადად, ცდილობს ტერმინი „ოკუპაცია" რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოს – მათ შორის, პრეზიდენტ მარგველაშვილს თავის საინაუგურაციო სიტყვაში ქართული ტერიტორიების ოკუპაცია საერთოდ არ უხსენებია; შეუშვა რუსი ექსპერტები საქართველოში არსებულ ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაში; და საერთოდ, მრავალფეროვნად სცადა პუტინის რეჟიმისთვის სიამოვნების მინიჭება:

პრაქტიკულად აღარ მოქმედებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დებულება, რომელიც კრძალავს არასანქცირებულ შესვლას ამ რეგიონებში. რუსი და სხვა „მოღვაწეები", რომლებსაც ეს გაკეთებული აქვთ, უპრობლემოდ ჩამოდიან თბილისში, ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური სანქციის გარეშე. სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოხსნა ყოველგვარი კითხვები, ისე, რომ არც დაინტერესდა, როგორ გამოიყენებს ამ ოლიმპიადას რუსეთი პოლიტიკური კუთხით, დაესწრებიან თუ არა მას მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები და თუ დაესწრებიან – რა სტატუსით. რუსების მოთაფვლის მცდელობისას ივანიშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ეჭვის ქვეშ დააყენა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პერსპექტივები. ამავე დროს, მანვე არ გამორიცხა რუსეთისთვის სასურველი აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება, რუსული ოკუპაციის პირობებში. კიდევ უფრო სახიფათოდ ჟღერს ივანიშვილის მიერ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის არგამორიცხვა, თუკი მომავალში ეს საქართველოსთვის „საინტერესო იქნება". ამ ტიპის დაყვავების ბოლო მაგალითებს შორის არის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გადარქმევა „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრად".

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი მიდგომის მიუხედავად, რუსეთის ქმედებები და ოფიციალური თუ არაოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით კვლავ უაღრესად ხისტია. რუსეთმა კი შეუშვა თავის ბაზარზე ზოგი ქართული პროდუქტი, მაგრამ ამას არა აქვს არაფერი საერთო იმ საკვანძო პრობლემებთან, რაც დგას საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის გარდა, სხვადასხვა სახელმწიფოთა მიმართ რუსეთის ქმედებების მრავალი მაგალითი გვიჩვენებს, რომ რუსული ბაზარი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ისევ დაიკეტოს. პრინციპულ საკითხებში კი რუსეთი ჩვენ მიმართ ისეთივე აგრესიულია, როგორიც იყო.

კრემლი პირდაპირ გვეუბნება, რომ არ აპირებს დეოკუპაციის თეორიულად განხილვასაც კი. ოკუპაციის ხაზზე რუსები დგამენ ღობეებს, რომლებიც გადის იქ მცხოვრებ ადამიანთა კუთვნილ მიწაზე და მათთვის რთულს ხდის გადაადგილებას საკუთარი ნაკვეთის ერთი ნაწილიდან მეორეში. ღობეების დადგმის პროცესში რუსეთმა, ფაქტობრივად, დამატებითი მიწებიც კი მიიტაცა. ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფება არანაკლები რაოდენობის რუსული ჯარი, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომელიც გადის არანაკლებ ინტენსიურ წვრთნებს და ბრძოლისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს. იგივე ეხება ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებულ მრავალრიცხოვან რუსულ სამხედრო ნაწილებს, რომლებიც არ გამოიყენება ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა წინააღმდეგ და რომელთა ბრძოლისუნარიანობა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოადგებათ, თუ რუსეთი მიიღებს საქართველოზე მორიგი თავდასხმის გადაწყვეტილებას. ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, რუსეთი უარს ამბობს საქართველოსთან თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე და, ამის ნაცვლად, სთხოვს ჩვენს ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს ამდაგვარ შეთანხმებას სოხუმის და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებთან, რათა ამით მოხდეს მათი ლეგიტიმაცია.

ამ ყველაფრის გარდა, რუსეთი დგამს სხვადასხვა სიმბოლურ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია და, ზოგადად, საქართველოს დამცირება. ამის მაგალითებია სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის" სახელმწიფოების სტატუსით შეყვანა და ამავე ოლიმპიადის ჩირაღდანი საქართველოსთან ომის „გმირი" მფრინავის ხელში.

რუსეთის ამგვარი ქმედებების პასუხად საქართველოს ხელისუფლება ხან მორიდებულ გაკვირვებას გამოთქვამს, ხანაც მოკრძალებულ იმედს, რომ რუსეთი, მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებით, „გადაიაზრებს" საკუთარ პოლიტიკას ჩვენ მიმართ. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას არ „გადაიაზრებს". ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, პუტინის რეჟიმს აქვს მკაფიო და გააზრებული სტრატეგიული პრიორიტეტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ თავისუფალი, ძლიერი, განვითარებული, ან, თუნდაც, მთლიანი საქართველოს არსებობას. ხელისუფლების წევრები აკეთებენ განცხადებებს, რომლებითაც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ილუზიის შექმნას, თუმცა რეალობაზე მათი ასეთი რიტორიკა ვერანაირად ვერ მოქმედებს. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ქვიშაში თავის ჩაყოფით და ფაქტების იგნორირებით პრობლემა მოგვარდება.

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ არის პირველი, რომელიც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. პირიქით, ამას ცდილობდა საქართველოს ყველა ხელისუფლება მას მერე, რაც რუსეთი გახდა ჩვენი მეზობელი. უფრო შორეულ ეპოქას თავი რომ დავანებოთ, პირველი რესპუბლიკის დროს საქართველომ „წარმატებით მოაგვარა" რუსეთთან ურთიერთობა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით.

მის მერე 1 წელიც არ იყო გასული, როცა რუსული ჯარი თავს დაესხა საქართველოს, დაამარცხა ის სისხლიან ომში და მოახდინა მისი ოკუპაცია. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა ზვიად გამსახურდია, როდესაც შეხვდა ბორის ელცინს 1991 წლის 23 მარტს. შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტი ამბობდა ბევრ ლამაზ სიტყვას ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ხოლო ელცინი საუბრობდა იმაზე, როგორ პატივს სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. და ისევ, 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც გამსახურდიამ დაკარგა ძალაუფლება რუსეთის მიერ ორგანიზებული გადატრიალების შედეგად.

ედუარდ შევარდნაძეს რუსეთთან ურთიერთობა, წესით, თავიდანვე უნდა ჰქონოდა მოგვარებული, რადგან ის ხელისუფლებაში სწორედ მოსკოვმა მოიყვანა. თუმცა, მოგვარებული ურთიერთობის ნაცვლად, შევარდნაძემ მიიღო დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მისი ფიზიკური განადგურების მცდელობები, ასლან აბაშიძის ფეოდალური რეჟიმის კრემლის მიერ მხარდაჭერა, რუსული ავიაციის მიერ ქართული საჰაერო სივრცის რეგულარული დარღვევა და კონფლიქტურ რეგიონებში რუსული პასპორტების დარიგება. რუსეთისთვის იდეალურ პირობებშიც კი, რასაც წარმოადგენდა შევარდნაძის მმართველობა, ის არ ცდილობდა საქართველოზე გავლენის გავრცელებას რბილი მეთოდებით. ამის ნაცვლად, რუსეთი უბრალოდ იყენებდა ამ ხელსაყრელ ვითარებას საქართველოს ინტერესების და სახელმწიფოებრიობის მაქსიმალურად დასაკნინებლად.

გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილი გახდა. მანაც აქტიურად სცადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება თავისი მმართველობის დასაწყისში. ეს მცდელობა აღმოჩნდა ისეთივე წარუმატებელი, როგორც სააკაშვილის წინამორბედების შემთხვევებში. როგორც ისევ გაირკვა, ამგვარი „მოგვარება" შეუძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უპირობოდ უარის თქმის გარეშე. ასევე, საქართველოს კრემლისთვის უნდა დაექვემდებარებინა საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. საქართველოს მხრიდან ასეთ პირობებზე უარს მოჰყვა ზამთარში აფეთქებული გაზსადენები, რუსული დაზვერვის საქართველოში გააქტიურება, ეკონომიკური ემბარგო, ომი, ოკუპაცია, პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობები და ტერორისტული აქტების სერია.

თითქოს ამ ყველაფრის, განსაკუთრებით კი შევარდნაძის პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებით, აშკარა უნდა იყოს, რომ რუსეთის მტრული ქმედებები არ შეწყდება არც საქართველოს მხრიდან „რბილი" რიტორიკის გამო და არც ისეთი დათმობების შედეგად, რომლებიც არ იქნება პრინციპულ წინააღმდეგობაში საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან. მაგრამ ჩვენი მთავრობა არ ითვალისწინებს უახლესი ისტორიის გამოცდილებას და ჯიუტად აპირებს თავიდან გაიაროს მთელი გზა – „ურთიერთობის დათბობიდან" იმ დრომდე, როცა იძულებული იქნება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან სხვა არჩევანი აღარ ექნება. საკითხავია მხოლოდ, რამხელა ზიანი მიადგება საქართველოს უსაფრთხოებას მანამ, ვიდრე ხელისუფლება იძულებული იქნება შედარებით ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის საგარეო სტრატეგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ სურთ კრემლის მიმართ აგრესიული განცხადებების გაკეთება. მაგრამ ამას მათ არც არავინ სთხოვს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მარტივი ფაქტების აღიარება რუსეთის ქმედებებთან და მისგან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით. ამის მიჩუმათება უაზრობაა. სხვა თუ არაფერი, რუსეთის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ თავიანთ მტრულ, აგრესიულ პოზიციებზე და გეგმებზე საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, თუ რუსული საფრთხის შესახებ არ მოგვიყვება ჩვენი მთავრობა, მის ნაცვლად ამას თვითონ მოსკოვი იზამს, და ამას რეგულარულად აკეთებს კიდევაც.

საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო რიტორიკის ერთადერთი შედეგია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დაბნევა. ქართულ საზოგადოებაში ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აქტიურობისადმი წინააღმდეგობის შემცირებას, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამის შედეგად მცირდება ჩვენდამი მხარდაჭერა რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე ერთგული მოკავშირეც კი არ გააკეთებს სხვის გასაკეთებელს. მან შეიძლება მხარი დაუჭიროს მეგობარ ქვეყანას, რომელიც ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას. მაგრამ თუ ეს მეგობარი ქვეყანა ამ ინტერესებზე თავად სათანადოდ არ ზრუნავს, მის ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს.

უკრაინის, სომხეთის, მოლდოვის და სხვა მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი არ აპირებს თავის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტებზე უარის თქმას. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მტრული პოლიტიკა შენარჩუნდება, როგორც მინიმუმ, სანამ ამ ქვეყანას პუტინი მართავს. ამ ფაქტზე ქართული ხელისუფლების და საზოგადოების მიერ თვალის დახუჭვა არ მოიტანს არაფერს, გარდა რუსეთისთვის მისი მიზნების მიღწევის გაადვილებისა. რაც, თავის მხრივ, მოიტანს ძალიან მძიმე და უსიამოვნო შედეგებს ხსენებული ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. საფრთხის მოგერიების შანსი აქვს მხოლოდ იმას, ვინც ნათლად ხედავს ამ საფრთხის არსებობას და ვითარების ადეკვატურად იქცევა.

კომენტარები