ფიდელ კასტრო

ფიდელ კასტრო 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

ფიდელ კასტრო
AFP

კუბის კომუნისტი ლიდერი ფიდელ კასტრო 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. კუბის ლიდერის საჯარო გამოჩენა ჰავანაში, დიქტატორ ფულგენციო ბატისტას რეჟიმის დამხობის შემდეგ, კასტროს ტრიუმფალური შესვლის 55 წლისთავს დაემთხვა.

კუბის სათავეში რევოლუციურად მოსული ფიდელ კასტრო 2008 წელს ქვეყნის მართვის სადავეებს ოფიციალურად ჩამოშორდა და პრეზიდენტობა თავის ძმას რაულ კასტროს გადაულოცა. მას შემდეგ, კომუნისტი ლიდერი საზოგადოების წინაშე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურად წერს პრესისთვის და უცხოელ ლიდერებსაც ხვდება.

დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში კუბის ლიდერმა თავისი ძმა რაულ კასტრო მანდელას გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ხელის ჩამორთმევის დროს გამოვლენილი სიმტკიცის გამო შეაქო. მისი თქმით, რაულ კასტრო მეგობრულად, მაგრამ ღირსეულად მიესალმა ამერიკის პრეზიდენტს და ინგლისურად უთხრა: "ბატონო პრეზიდენტო, მე კასტრო ვარ".

კუბის რევოლუციის შემდეგ, ფიდელ კასტრომ 1959 წელს ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა, 1976-2008 წლებში კი, პრეზიდენტი იყო. ფიდელ კასტროს რეჟიმთან 350 ათასი პოლიტპატიმარი ასოცირდება. 60-იან წლებში 14 ათასი კუბელი დახვრიტეს. ადამიანთა უმოწყალო ხოცვა, ზღვაში დახრჩობა და იძულებითი შრომის ბანაკები 102 ათასი კუბელის სიკვდილის მიზეზი გახდა. ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობა 6,4 მლნ-ს შეადგენდა. 

კომენტარები