კანონი მთავარ პროკურორს თანამდებობის დაკავებას არ უკრძალავს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰქონდა კონკრეტული სახდელი დაწესებული გერმანიაში. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ვსვამთ კითხვას კანონი დაირღვა თუ არა, კანონი არ დარღვეულა ეს არ მომხდარა როდესაც ბატონი ფარცხალაძის დამტკიცება მოხდა იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამ პოზიციაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, თუ კანონი არ დარღვეულა მაშინ მისთვის გაუგებარია რატომ განიხილება საერთოდ ეს თემა: „რაზე ვლაპარაკობთ: ეხლა ჩვენ ბატონი ფარცხალაძის ისტორიაზე ვლაპარაკობთ თუ ვლაპარაკობთ კონკრეტული პირების გამოკვეთილ ბრალეულობაზე რომელიც ძალიან საინტერესოა“ - აღნიშნა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, არსებობს საჯარო ინტერესი რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან დაკავშირებულ ყველა საქმეს თავისი სახელი დაერქვას. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ახალ ხელისფულებას ძველის დროს ჩადენილი კორუფციული გარიგებები გამოეძიებინა, თუმცა როცა ეს პროცესი დაიწყო, ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა.
„არსებობს კონკრეტული ადამიანების სია, რომლებზეც ისინი იტყვიან, რომ ამ ადამიანების დაკითხვა შეიძლება და მათ მიმართ შეიძლება სისხლის სამართლის პროცედურების განხორციელება?“ - აღნიშნა ბესელიამ.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად მისაღებია პირადად მისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც ნასამართლევია, ბესელიამ განაცხადა: „მე დარმწუნებული ვარ, ბატონი ფარცხალაძეც ისურვებდა რომ მის ცხოვრებაში არ მომხდარიყო ასეთი უსიამოვნო ფაქტები“.





