ოთარ ფარცხალაძის საქმე

საია: თუ ფარცხალაძის ნასამართლობა დადასტურდა, თანამდებობიდან უნდა გაადააყენონ

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, თუ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გერმანიაში ნასამართლობა დადასტურდება, მაშინ იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. კოჟორიძემ ასევე აღნიშნა, რომ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა სამართლებრივად კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, საზოგადოების ნდობაზე მთავარი პროკურორის ნასამართლობის საკითხი დადებითად ვერ იმოქმედებს.

"საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირი არის ნასამართლევი, სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ ნასამართლობა ქარწყლდება. შესაბამისად, ეს აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას ნებისმიერი თანამდებობის დაკავებაზე. აქ სადავო არის ის, გერმანიაში ნასამართლობა, ჩვენთან რამდენად ჩაითვლება ნასამართლობად. ამ საკითხზე ჩვენი კანონმდებლობა არაფერს ამბობს. მაგრამ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ წმინდა სამართლებრივი კუთხით არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მთავარი პროკურორის თანამდებობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოების მხრიდან მის ნდობაზე, ვერ იმოქმედებს დადებითად, რომ მთავარი პროკურორი, თუნდაც 10 წლის წინ გერმანიაში იყო მსჯავრდებული. თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, მაშინ მთავარი პროკურორის დანიშვნაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ვგულისხმობ იუსტიციის მინისტრსა და პრემიერს, უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, ანუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება", - თქვა კოჟორიძემ.

საია-ს ხელმძღვანელი აღნიშნულ თემაზე პროკურატურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

"დამაფიქრებელია ის განცხადება, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაცია არის პროკურატურის დისკრედიტაციისკენ მიმართული. ის კი არ არის ნათქვამი, რომ მართალია თუ არა, არამედ ის, რომ დისკრედიტაციის მცდელობაა, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს კითხვაზე პასუხი - მართალია თუ არა", - აღნიშნა კოჟორიძემ.

კოჟორიძემ ასევე თქვა, რომ საია-ს ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული დღემდე არ არის. მისი თქმით, გადასამოწმებელია, არსებობს თუ არა ოთარ ფარცხალაძის ნასამართლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ისიც, ნამდვილად მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეეხება თუ არა ეს ინფორმაცია.

კომენტარები