ოთარ ფარცხალაძის საქმე

ფანჯიკიძე: ფარცხალაძის ამბავი შეთხზულს ჰგავს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბრალდებები შეთხზულია. მაია ფანჯიკიძის თქმით, რაღაცები არადამაჯერებლად ეჩვენება.

"პირველი ის არის, რომ იქ მოცემულია საქმის ნომერი და მე გერმანიაში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის სასამართლოს ჰქონდეს უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობის დაკავება ასეთი ხანგრძლივი ვადით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მთელი ეს ამბავი შეთხზულს ჰგავს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები