ოთარ ფარცხალაძის საქმე

კოჟორიძე: ფარცხალაძის საქმის შესახებ პროკურორებისგან ვიცოდი

კახა კოჟორიძე
timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, გიგი უგულავას მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, მისთვის ორი კვირით ადრე იყო ცნობილი. კოჟორიძის თქმით, მან ინფორმაცია ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ სხვა პროკურორისგან გაიგო, რომლებმაც თქვეს რომ ხელი მიუწვდებოდათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციააზე და თავადვე საქმის კურსში იყვნენ.

"ჩემთვის ეს ინფორმაცია დღეს არ გამხდარა ცნობილი, მე პირდაპირ გეტყვით რომ დაახლოებით ორი კვირაა ეს ვიცი. კონკრეტულად სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვამხელდით მხოლოდ იმიტომ რომ ამ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. დღესაც ოფიციალურად დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს ფაქტი სიმართლეა არ გვაქვს. ახლა, უკვე ამის ართქმას აზრი არ აქვს," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ მთავრობას მოუწოდა, მოხდეს შესაბამისი რეაგირება და გაირკვეს არის თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე.

"მინდა ხელისუფლებას ვთხოვო, აუცილებლად მიუდგეს ამ ფაქტს უაღრესად სერიოზულად და გამოითხოვოს გერმანიის შესაბამისი ორგანოებიდან დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე. არ უნდა მოხდეს ამ ფაქტის ირგვლივ სპეკულირება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ არის თუ არა ეს მართალი," - განაცხადა კოშორიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, გერმანული მხარისგან ფარცხალაძის საქმის გამოთხოვნა, იქამდე კი პროკურირის თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

 

 

კომენტარები