რელიგიური შეუწყნარებლობა

მუსლიმები ღარიბაშვილს: გთხოვთ, მოაგვაროთ რელიგიური ნიშნით შევიწროების პრობლემა

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მიმართვას ჯოყოლა აჭიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ "სახელმწიფოს წარმომადგენლები (მებაჟეები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სხვები) რელიგიური ნიშნით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს საზღვრის გადალახვისას პრობლემებს უქმნიან". ისინი პრემიერს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

"ჩვენ, მუსლიმანური აღმსარებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ერთგული შვილები, ყოველთვის ვიზიარებთ ჩვენი სამშობლოს ბედნიერებასაც და გაჭირვებასაც, აქტიურად ვმონაწილეობთ ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტაში. კარგად გვესმის რა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარია და ამ თვალსაზრისით ქვეყანა ტრადიციულად ითვლება ქრისტიანულ სახელმწიფოდ, დიდ პატივს ვცემთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილის სარწმუნოებას და არასოდეს განგვიზრახავს მათი შევიწროვება რელიგიური ნიშნით. ისტორიულად ქართველი კაცი გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით რელიგიური უმცირესობებისადმი, რასაც ჩვენს ქვეყანაში ქართველ და მაჰმადიან მოქალაქეთა საუკუნოვანი თანაცხოვრების მრავალი მაგალითი ადასტურებს.

ამ ფონზე შემაშფოთებლად მიგვაჩნია ცალკეული მოქალქეების, საშუალო და დაბალი რგოლის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა მუსულმანური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები (მებაჟეები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სხვები) რელიგიური ნიშნით საქართველოს მუსულმან მოქალაქეებს სრულიად გაუგებარ და გაუმართლებელ პრობლემებს უქმნიან საზღვრის გადალახვისას, საათობით აჩერებენ მათ საზღვარზე ან სულაც უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთის ან გადმოკვეთის ნებართვის მიცემაზე რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე.

ამ ნიშნით დევნის აშკარად მაგალითად მივიჩნევთ 2013 წლის 13 ივნისს საქართველოში სტუმრად მყოფი 2 დაღესტნელი მოქალაქის - მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის დაკავებისა და დღემდე პატიმრობაში ყოფნის ფაქტს. დაკავებისთანავე შსს-ს ჰქონდა მცდელობა, რომ ეს ორი ახალგაზრდა ტერორისტებად წარმოეჩინა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადდა, რომ ისინი ტერორისტული აქტის მომზადებისას დააკავეს. თუმცა, მეორე დღესვე გაირკვა, რომ მათ ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო გამოძიებისას სრულიად აშკარად გამოიკვეთა ამ პირთა მიმართ აღნიშნული იარაღის ჩადების ფაქტი, ისიც ცნობილია, რომ ასეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თითქმის ყველა ბრალდებულს არა წინასწარ პატიმრობას, არამედ გირაოს უფარდებენ, ეს 2 ახალგაზრდა კი უკვე მე-6 თვეა სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ იმყოფება საპყრობილეში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს მათი რუსეთში ექსტრადირება, სადაც ერთ-ერთ მათგანზე, მიკაილ კადიევზე ძებნაა გამოცხადებული, რადგან ეს უკანასკნელი არის უფლებადამცველი და რუსეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრი, რის გამოც მას 2009 წელს მოსკოვში მომხდარ ისეთ მძიმე დანაშაულში აქვს წაყენებული ყალბი ბრალდება, რომლის ჩადენას ის თეორიულადაც ვერ მოახერხებდა, რადგან ათეულობით მოწმის მიერ უტყუარადაა დადასტურებული, რომ ის იმ დღეს დაღესტანში, სამსახურში და საკუთარ ოჯახში იმყოფებოდა.

ბ-ნო პრემიერ-მინისტრო,

გვინდა მოგმართოთ თხოვნით, რათა შეისწავლოთ ხელისუფლების შუა და ქვედა რგოლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოში მცხოვრებ მუსულმანთა რელიგიური ნიშნით შევიწროების ზემოთ აღწერილი პრობლემა და გამოასწოროთ იგი. რაც შეეხება მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის დაკავებისა და დღემდე პატიმრობაში ყოფნის ფაქტს, გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით, არ დაუშვათ ამ ორი ახალგაზრდის უკანონო მსჯავრდება და მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მიკაილ კადიევის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მას წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ელოდება. ამის სამწუხარო და ტრაგიკული მაგალითი ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეულ წარსულში უკვე იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ათიოდე წლის წინ რამდენიმე ჩეჩენი მოქალაქის ექსტრადირება მოახდინა რუსეთში, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფოსათვის დამამცირებელი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებულ პირთა მიმართ უკანონო და უსამართლო პოლიტიკური ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება დაძაბავს ვითარებას და გამოიწვევს საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას მთელ მსოფლიოში, ეს კი არ შეესაბამება ქართველი ხალხის არც ერთი კეთილმოსურნის ინტერესებს და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს", - წერია მიმართვაში.

 

კომენტარები