ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პრეზიდენტი ნარმანიაზე: დათოსთან ერთად მუშაობა იყო უაღრესად სასიამოვნო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას მხარი დაუჭირა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოება გაიგებდა.

"თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება კონსტიტუციურ ვადებში. რაც შეეხება პირადად ნარმანიას, მე ვმუშაობდი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე თვე, დათოსთან ერთად მუშაობა იყო უაღრესად სასიამოვნო, რადგან ის არის ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი, ორიენტირებულია პროექტებსა და მათ დეტალურად შესრულებაზე. ის არის არაჩვეულებრივი მეგობარი და ბუნებრივია, რომ მის კანდიდატურას მხარი დავუჭირე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოება გაიგებდა" - თქვა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კოალიციის პოლიტსაბჭომ 23 ნოემბერს მიიღო.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერის პოსტზე დავით ნარმანიას წარდგენის გამო, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილმა პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველა სტერეოტიპი დაანგრიოს და ეს მისასალმებელია.

კომენტარები