ჯანდაცვა

სერგეენკო: წამლების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს

www.government.gov.ge

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხარისხის ამაღლებას აპირებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არარსებობის ან არასრულფასოვანი არსებობის გამო, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება იჩაგრება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხდება ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხის დადასტურება ან უარყოფა, მათ შესაძლებლობა მიეცემათ სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ხარისხის კონტროლის სამდონიანი სისტემა, რომელსაც საქართველო დღეს იყენებს, საკმარისი არ არის და ხუთდონიანით უნდა შეიცვალოს. "არსებული ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს მხოლოდ ერთს - GMP სერტიფიკატს, რაც მხოლოდ წარმოებისაა და სრულყოფილი არ არის. როცა საკონტროლო შესყიდვა ხორციელდება, ხარისხის კონტროლი ადგილობრივ ლაბორატორიაში მოწმდება. ანუ ხორციელდება სამდონიანი ხარისხის კონტროლი, ჩვენ ავდივართ ხუთდონიან საერთაშორისო კონტროლზე", - აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს, ფარმაკოლოგიური ბაზარი უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, "ახალ მოთამაშეებს ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემა თუ არ დავახვედრეთ, ბაზარს უხარისხო წამლები წალეკავს. ხარისხის კონტროლი ხუთი დონისგან შედგება. ნედლეულს, რომელიც საბაჟოს გადმოკვეთავს, სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. ეს იმის დასტურია, რომ ნედლეული ხარისხიანადაა წარმოებული. შემდეგი ეტაპი არის ადგილობრივი წარმოების შიდა ლაბორატორია და ქართული ლაბორატორია. ჩვენ ახლა სამხარაულის ბიუროს სერვისებს ვიყენებთ, რომელიც ამ საქმისთვის სერტიფიცირებული არ არის. ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საქართველოში ამ ლაბორატორიის აშენება და აღჭურვა იქნება. უნდა მომზადდნენ სპეციალისტები". 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სისტემის დანერგვა მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დაიწყება, პირველი ეტაპი კი 2014 წლის შემოდგომაზე დასრულდება.  

კომენტარები