სოჭის ოლიმპიადა

მაჭავარიანი: მარგველაშვილის ოლიმპიადაზე წასვლაზე ყველას აზრს გავითვალისწინებთ

telegraph.ge

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის თქმით, მარგველაშვილის სოჭის ოლიმპიადაზე წასვლასთან დაკავშირებით, ყველას მოსაზრება, მათ შორის, საზოგადოების აზრიც, უნდა იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, ოლიმპიადაზე მარგველაშვილის წასვლას ახლავს პროცედურები და, პირველ რიგში, არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მოწვევა.

"სოჭის ოლიმპიადაზე წასვლასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს, არ გვინდა, რომ ფაქტის წინაშე დავდგეთ. ძალიან რთული სიტუაციაა. გავითვალისწინებთ ყველას აზრს, მათ შორის საზოგადოების მოსაზრებასაც. სპორტსმენებს აქვთ განწყობა, თავისი წვლილი შეიტანონ ოლიმპიადაში", - თქვა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა რუსეთის პირველ არხისთვის მიცემულ გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო იყო. ხოლო ის გზავნილები, რომლებიც ინტერვიუს დროს გამოითქვა, მნიშვნელოვანია.

"იქ ჩანდა არჩეული პრეზიდენტის მიდგომა რუსულ ურთიერთობებთან. საქართველომ ომის რეჟიმში ყოფნა უნდა დაასრულოს და ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებისთვის. არის მოლოდინი, რომ პრობლემები წავიდეს სხვა მიმართულებით, სხვა ჩარჩოებში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროგრამა Воскресное Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ამ ეტაპზე სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად მისი ჩასვლის საკითხი განიხილება.

კომენტარები