სოჭის ოლიმპიადა

უსუფაშვილი: ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის მონაწილეობამ რუსეთს მეტი პრობლემა შეუქმნა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის გამგზავრება პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იყო.

"ზოგადად, სპორტულ შეჯიბრზე სხვა სიურპიზრებზე უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა ჩვენი მდგომარეობა, სამწუხაროდ, სოჭის ოლიმპიადას განგვახილვინებს სრულიად სხვა კონტექსტში. ძალიან კარგად მესმის თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის დაძაბულობა ამ დღეებში, რადგან ველით პროვოკაციებს და ვართ გაბრაზებული, მაგრამ ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამგზავრება იყო პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და ამაში მე დარწმუნებული ვიყავი და ვრჩები დარწმუნებული", - თქვა უსუფაშვილმა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლებას გაცილებით მეტი უხერხულობა შეუქმნა.

"ჩვენი გუნდის მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლებას გაცილებით მეტი უხერხულობა და პრობლემა შეუქმნა, ვიდრე ჩვენ უნდა ვუქმნიდეთ ჩვენს თავს. სოჭის ოლიმპიადის გამო რომ არ წაიღებდა რუსეთი უკან თავის გადაწყვეტილებას აღიარების თაობაზე, ეს ჩვენ ვიცოდით და ვიცით, მაგრამ მას მოუწია ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა ამ ყველაფრის შესაფუთად. ამით მთელმა მსოფლიომ და პირველ რიგში რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა დაინახეს, რომ ამ საკითხში ისინი არიან მსოფლიოსგან იზოლირებული. ასეთი დონის ღონისძიებებზე საქართველოს რუკის ღრუბლებით დაფარვას სატირულ-იუმორისტულად უნდა ვუყურებდეთ, თუ რა დღეშია რუსეთი და თუ რა საშუალებებს მიმართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად. ჩვენი ოლიმპიელების მონაწილეობამ რუსებს მეტი პრობლემა შეუქმნა. აქედან გამომდინარე, თუ იქნება პროვოკაციები, ამას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ ყველა თვალსაზრისით", - თქვა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რუსეთის სახელით მოასპარეზე მოთხილამურის მონაცემებში დაბადების ადგილად გალი იყო მითითებული, რომელიც რუსეთის ტერიტორიად იყო მოხსენიებული, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები