სოჭის ოლიმპიადა

კალაძე: მარგველაშვილის სოჭის ოლიმპიადაზე წაუსვლელობის მიზეზი არ არსებობს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის სოჭის ოლიმპიადაზე წაუსვლელობის მიზეზი არ არსებობს.

"ჩემი აზრით, სოჭის ოლიმპიადაზე წაუსვლელობის მიზეზი არ არსებობს. თუ დავინახავთ, რომ ამით საფრთხე ადგება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს დამოუკიდებლობას და განვითარებას, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრების შესაძლებლობა განიხილება.

"ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ რუსეთის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში - ოლიმპიურ თამაშებში და გავფანტეთ დაძაბულობის ფონი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა არ შეიქმნას.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოცია გარკვეული სახის ახალ ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში დასაბამს მისცემს.

კომენტარები