საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

იღუმენი კირიონი: რუსეთის ეკლესიას არასდროს აღუმაღლებია ხმა ამ ძალადობაზე

მილანის სამრევლო
მილანის სამრევლო / www.facebook.com/kirionimachaidze
13 ოქტომბერს იტალიის 9 ქალაქში - მილანში, გავირატეში, მანტოვაში, რეჯო ემილიაში, რომში, ფლორენციაში, ბარიში, სალერნოსა და რეჯო კალაბრიაში რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ აქციები გაიმართა - ლოზუნგით "არა რუსულ ოკუპაციას!". აქციები საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამრევლოებისა და ქართული ასოციაციების ორგანიზებით მოეწყო. ტაბულა ამასთან დაკავშირებით მილანისა და კიდევ ხუთი ქართული სამრევლოს წინამძღვარს, იღუმენ კირიონ მაჩაიძეს დაუკავშირდა. იღუმენი კირიონის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
 

"ეს არის ჩვენი თავისუფლებისა წართმევის მორიგი მცდელობა, რომელიც სათავეს საუკუნეების წინ იღებს. ოკუპაცია გრძელდება და ამას თითოეული ჩვენგანი უნდა დაუპირისპირდეს. თავისუფლების დაცვა ყოველდღიური აუცილებლობაა. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით პიროვნება დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ძალდატანებისა და ძალადობისგან. ამდენად, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას ვიცავთ, რომელსაც წლებია ოკუპანტი სიბნელისკენ ექაჩება, არამედ ვიცავთ ადამიანს, ცალკე აღებულ ადამიანს, განუმეორებელ ადამიანს, რომელსაც დაამონებენ თუ ჩვენ მყარად არ ვიდგებით. რწმენა გულისხმობს უერთგულო სიმართლეს, მოყვასსა და შენს ქვეყანას მაშინაც კი, როცა ამ ბრძოლაში მარტო ხარ. რწმენამ არ იცის სიმარტოვე, რადგან მას ესმის, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო. დამპყრობელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ თავს არ მოვუხრით. ეს იყო ამ აქციის მიზანი - ვაჩვენოთ იმპერიულ ძალას, რომ ქართველები არ ნებდებიან.

სამწუხაროა, რომ რუსეთის ეკლესიას არასდროს აღუმაღლებია ხმა ამ ძალადობის წინააღმდეგ და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ხშირად მისი სასულიერო პირები აკურთხებენ იმ ტანკებს, ბომბებსა თუ მავთულხლართებს, რომელსაც შემდეგ ჩვენი თავისუფლების წასართმევად იყენებენ. მავანი ამბობს, რომ ისინი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ არ მიდიან, მაგრამ ქრისტემ მოარღვია საზღვრები, მათ ევალებათ ილაპარაკონ არა კერძო სიმართლე, არამედ წარუვალი და ობიექტური სიმართლე, რომელიც თავად არის იესო ქრისტე." - განაცხადა ტაბულასთან საუბარში იღუმენმა კირიონმა.

კომენტარები