საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "სოჭის ოლიმპიადა გულზე არასდროს ეხატებოდა, მაგრამ 2008 წლამდე ამის ღიად დაფიქსირება რუსეთისთვის სახეში შეფურთხება იქნებოდა". პრეზიდენტის აზრით, ივან ნეჩაევის შერჩევა სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ შემთხვევითი არ არის და სახეზე რუსეთის პოლიტიკური დემარშია.
სააკაშვილის თქმით, ნეჩაევი 2008 წელს აქტიურად ბომბავდა საქართველოს, თუმცა, ქართულმა მხარემ მისი თვითმფრინავი ისე დააზიანა, რომ მან ძლივს მოახერხა თვითმფრინავის რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასმა.
"მას ბევრი ხალხის დახოცვაში მისცეს გმირობა. ნეჩაევის გარდა, არსებობს პუტინის მიერ პროფესიულ სადისტად დანიშნული გენადი ონიშჩენკო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქართული ღვინის მორიგი პარტია გააჩერა და კიდევ ბევრჯერ გაგვამწარებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე მედლის ერთადერთი პრეტენდენტი ელენე გედევანიშვილი ჰყავს, რომელმაც სამოქალაქო გმირობა ერთხელ უკვე ჩაიდინა და ამის გაკეთება არც მეორედ გაუჭირდება.
"ელენე გედევანიშვილის მშობლები რუსეთიდან ნახირის გადამყვანი თვითმფრინავით გამოყარეს, გედევანიშვილს კი მოსთხოვეს, გამხდარიყო ან რუსეთის მოქალაქე, ან მათი ტერიტორია დაეტოვებინა. ელენე გედევანიშვილმა არჩევანი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. შესაბამისად, ყველა გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან. რუსეთი გვცდის, თუ რამდენად წავუწვებით. თუ ამ ყველაფერს სამთავრობო ქვეწოლით ვუპასუხებთ, ამით ვერავინ ვერაფერს მოიგებს", - თქვა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მისი მხრიდან სოჭის ოლიმპიადაში უარის თქმის მოწოდება მიმართული ქართველი ოლიმპიელების წინააღმდეგ იქნება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს.
ჟურნალისტების კითხვას, რატომ მიიღეს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მისი მთავრობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ სოჭის ოლიმპიადის ღია კრიტიკის სახით რუსეთს ომისთვის დამატებით საბაბს ვერ მისცემდნენ.
"მე თავს ვერ ვდებ, დაუჭირა თუ არა მხარი ამ გადაწყვეტილებას ოლიმპიურმა კომიტეტმა, თუმცა, დღეს, როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, მავთულხლართების გაბმაზე, ჩვენთვის ერთიანობა უნდა იყოს პირველი საკითხი. როგორ მოსთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიან პოზიციას, თუ ქვეყნის შიგნით არა ხარ ამ საკითხზე ერთიანი. აქედან უნდა ამოვიდეთ და საზოგადოების მოსაზრებებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები", - აღნიშნა სააკაშვილმა.





