სოჭის ოლიმპიადა

ბაქრაძე: ასეთი რამ არ გაუკეთებია არცერთ სახელმწიფოს, არცერთ ოლიმპიადაზე

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება. მისი თქმით, ყველა ნაბიჯს, სადაც მთავრობა გადაწყვეტს ღირსეულად დაიცვას ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები, მხარს დაუჭერს.

"გამართლება არ აქვს რუსეთის საქციელს, რომ ოლიმპიადა, მშვიდობის ფორუმი გამოიყენოს საკუთარი სამხედრო მფრინავის და საკუთარი აგრესიის პროპაგანდისთვის. ასეთი რამე არ გაუკეთებია არცერთ სახელმწიფოს, არცერთ ოლიმპიადაზე. თვით ნაცისტურ გერმანიასაც, ბერლინის ოლიმპიადაზე. ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკით. მივესალმები იმას, რომ მთავრობა გამოდის იმ ილუზიიდან, რომ დათმობებით და თავის დახრით რამეს მივაღწევთ. შესაბამისად, მხარს ვუჭერ და მივესლმები მთავრობის განცხადებას. ყველა იმ ნაბიჯში, სადაც მთავრობა გადაწყვეტს, ღირსეულად დაიცვას ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და ღირსება, ღიად ვაცხადებ, რომ მზად ვიქნები გვერდში დავუდგე მთავრობას და მათთან ერთად ყველაფერი გავაკეთო. მზად ვარ, ყველა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში შევთავაზო, ერთად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სახელწიფოებრივი სიამაყე", - თქვა ბაქრაძემ.

მთავრობამ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. "თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ეწერა განცხადებაში.

კომენტარები