სოჭის ოლიმპიადა

ვაშაძე: ხელისუფლების განცხადებამ, რუსეთს მისცა საშუალება, წასულიყო ყველაფერზე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სპორტსმენი რომ ყოფილიყო, ოლიმპიადაზე არ წავიდოდა, "ხოლო ქვეყნის ხელისუფლება რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი - წასვლა არ ღირს, რადგან ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი", - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძის აზრით, ხელისუფლებას არჩევნებამდე ღიად არ უნდა ეთქვა, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებდა.

"ყველაზე სწორი იქნებოდა, თავი შეგვეკავებინა და დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნებამდე არ გაეკეთებინა ის ავანსები და განცხადებები, რაც გააკეთა. წინა ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ ვაპირებდით სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას, მაგრამ არც ის განგვიცხადებია, რომ მივიღებდით მონაწილეობას - ველოდებოდით მოვლენების განვითარებას და იმას, როგორი იქნებოდა ომის შემდეგ საქართველო-რუსეთის არარსებული, მაგრამ მაინც რაღაც კუთხით არსებული ურთიერთობა. მაგრამ იმან, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ავანსები და ღიად განაცხადა, რომ საქართველო მიიღებდა მოწილეობას სოჭის ოლიმპიადაში, რუსეთს მისცა საშუალება, წასულიყო ყველაფერზე. არ ვიცი, როგორ დავახასიათო ნეჩაევის მიერ ჩირაღდნის ხელში აღება. აგრესორ ადამიანს, რომელიც გორში ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას, მისცეს თანამშრომლობის, მეგობრობის და მშვიდობის სიმბოლო", - აღნიშნა ვაშაძემ. 

ვაშაძის თქმით, "ერთ-ერთი გამოსავალი იყო ის, რომ მიგვემართა ოლიმპიური კომიტეტისთვის, სადაც სპორტსმენები გამოვიდოდნენ ოლიმპიური დროშით, როგორც ეს იყო 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის დროს და მათი გამარჯვების შემთხვევაში შესრულებულიყო ოლიმპიური კომიტეტის და არა - საქართველოს ჰიმნი. ამ შემთხვევაში სპორტსმენები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოლიმპიურ კომიტეტს, თავიანთ თავს და არა - ქვეყანას, ამ შემთხვევაში სპორტსმენები არ გააცდენდნენ ოლიმპიურ ციკლს, საქართველო კი არ აღმოჩნდებოდა იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს არის", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები