რუსეთმა ოლიმპიადის ესტაფეტა ოფიციალურად გადმოიბარა. მოსკოვში, წითელ მოედანზე, ოლიმპიური ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საბერძნეთიდან ჩამოტანილი ცეცხლით ოლიმპიური ჩირაღდანი რუსეთის პრეზიდენტმა დაანთო. თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა სოჭის ოლიმპიადას რუსი ხალხის ახდენილი ოცნება უწოდა და განაცხადა, რომ ეს ოლიმპიადა ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
თუმცა, სპორტსმენს, რომელსაც ოლიმპიური ცეცხლი მიჰქონდა, ჩირაღდანი კრემლის ჭიშკარშივე ჩაუქრა. ცეცხლი ხელახლა დაცვის თანამშრომელმა საკუთარი სანთებელათი აანთო.
სოჭის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის დანთების მისია რუსეთის მთავრობამ სამხედრო მფრინავს, საქართველოსთან ომში მონაწილე მაიორ ივან ნეჩაევს დააკისრა, რომელსაც 2008 წლის სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობისთვის გმირის წოდება აქვს მინიჭებული.





