მავთულხლართები

ნარმანია: სოფლებში მიმდინარეობს წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები

mrdi.gov.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს სოფელ დვანში ყოფნისას თქვა, რომ დიპლომატები არ იყვნენ ინფორმირებული სოფლებში არსებული სიტუაციის შესახებ და სწორედ ამიტომ მოინდომეს საკუთარი თვალით არსებული მდგომარეობის ხილვა. მისი თქმით, მან დიპლომატებთან ადგილობრივების საჭიროებებზეც ისაუბრა, რომელთა მოგვარებაც ერთობლივადაა შესაძლებელი.

ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალსადენების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები. მან, ასევე, აღნიშნა, რომ "ყველაზე გადაუდებელი, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეშით უზრუნველყოფაა".

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სამ სოფელში -ხურვალეთში, დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ.

კომენტარები