მავთულხლართები

სუჯაშვილი: რუსეთისგან პროვოკაციებს არ გამოვრიცხავთ

შსს

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა დიპლომატიურ მისიებს საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება გააცნო. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შსს-მ წარადგინა პრეზენტაცია საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების, ღობეების, მიწათხრილების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე.

 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, მავთულხლართების გაბმა გრძელდება და არ შეჩერებულა.

"ღოღეთში დაიწყო ბოძების ჩასმა და შემდეგ მავთულხლართების გაბმა. ეს პროცესი არ შეჩერებულა, გაგრძელდება და ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა თვითონ რუსულმა მხარემ", - აღნიშნა სუჯაშვილმა.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რამდენად მოსალოდნელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან პროვოკაციები. სუჯაშვილმა მოსალოდნელი პროვოკაციები არ გამორიცხა.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ. ჩვენი მთავარი მიზანია ამისთვის მზად ვიყოთ", - აღნიშნა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები