მავთულხლართები

ნარმანია: საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს 20 მლნ ლარამდე სჭირდება

დავით ნარმანია
RFE/RL

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში პრობლემების მოგვარება 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. როგორც ნარმანიამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ყველა პრობლემა გააანალიზეს.

"გავაკეთეთ კონკრეტული გრაფიკები და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. ჯამში რა ღონისძიებებზეც დღეს ვსაუბრობთ, ყველაფერი ერთად 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. ამის ნაწილი წელს უნდა დაფინანსდეს - მომდევნო ორი თვის განმავლობაში რა ღონისძიებებიც მოესწრება. დანარჩენი, განსაკუთრებით გაზიფიცირების საკითხი, რაც 6 თვეზეა გაწერილი, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება", - თქვა დავით ნარმანიამ.

მისი განმარტებით, ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ის არის, რომ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე კრძალავს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.

"საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება, გვიკრძალავს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას და ახალი პროგრამის ინიცირებას. ამიტომაც, იქამდე, ინდივიდუალურ რეჟიმში, რომელ უწყებას რა ბიუჯეტი და პრობლემებიც გაგვაჩნია, ამის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, შეგვეძლება მთავრობის სხდომაზე წარვადგინოთ ახალი პროექტები, დავამტკიცოთ ისინი და ამ პროგრამების ფარგლებში შევძლოთ დამატებითი სამუშაოების გატარება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანში მავთულხლართების გაბმა განაახლეს და სამი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა. კომისია ენგურისპირა სოფლების საკითხებზეც მუშაობს.

კომენტარები