რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ივანიშვილი: საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ოლიმპიადასთანაა დაკავშირებული

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელ ჯეიმს ბრუკთან ინტერვიუში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროცესები ძირითადად დაკავშირებულია ოლიმპიადასთან. ივანიშვილი ამბობს, რომ ახლა ნერვიულობა იგრძნობა რუსეთის მხარეს და მას დიდი იმედი აქვს, რომ ოლიმპიადის შემდეგ გაიოლდება და უფრო პოზიტიური, კონსტრუქციული გახდება ორმხრივი ურთიერთობა.

კითხვაზე, თუ როდის შედგება მისი და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, ივანიშვილმა ამბობს, რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივა არ არის, თუმცა არც ძალიან ახლო. ის ამბობს, რომ ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს და ამას უფრო მეტი პოზიტივი სჭირდება, "უფრო მეტი გათელვა ორმხრივი ურთიერთობების". ივანიშვილის თქმით, მისი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს.

"რაც შეიძლებოდა, ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შეიძლება. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება მოყვეს, იქნება მუდმივი ავიარეისების აღდგენა და შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის. რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან. ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო, თუმცა ეს დროში განვითარდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და დავალაგებთ ურთიერთობებს", - ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში.

ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, რაც მისასალმებელია. "ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი და რუს ხალხს უყვარს ქართველები. არსებობს დიდი სურვილი და ნოსტალგია და შემთხვევითი არ არის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა", - აცხადებს ის.

ჟურნალისტმა ივანიშვილს ასევე ჰკითხა, გამოიყენება თუ არა აფხაზეთი, როგორც ბუფერი, რუსეთთან ურთიერთობაში. "თუ მართლაც ბუფერად აღიქმება, მაშინ ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს, რადგან ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში არ გვჭირდება არანაირი ბუფერი. რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური, არცერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი, ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, და გავუჩინოთ მათ ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები