საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინთან დღეს გაიმართა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო სასაზღვრო ზოლის გავლების, ქვეყანათა შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები და ფრენების აღდგენის საკითხიც.
სხვა თემებთან ერთად განხილვის საგანი გახდა, თბილისში ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებიც.
"მხარეებმა გაცვალეს აზრები რიგი პრაქტიკული საკითხების შესახებ. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ფრენების აღდგენის საკითხს, როგორ МИД-ის განცხადებაშია ნათქვამია, ამის წინაპირობები კარგად არის ცნობილი და აუცილებელია "ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში არსებული საფრთხეების აღმოფხვრა."
განცხადებიდან, ასევე, ირკვევა, რომ რუსეთი კვლავ ღელავს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის გამო. "ბატონმა კარასინმა კიდევ ერთხელ მიუთითა რუსული მხარის შფოთვაზე თბილისის მახლობლად მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ჯანდაცვის ლაბორატორიის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ. კარასინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულ მხარეს, უზრუნველყოს ამ ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების ვიზიტი."
ცნობილია, რომ მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.