რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ენმ ლავროვთან შეხვედრის გამო დავით ზალკალიანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იბარებს

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე იბარებს. დეპუტატების კითხვები მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრას შეეხება. 

შესაბამისი მოთხოვნა ოპოზიციურმა პარტიამ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო ქაცარავას, უკვე გაუგზავნა. 

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მინისტრისადმი კითხვები შეეხება იმას, თუ რა ინტერესი ამოძრავებდა ქართულ მხარეს, როდესაც ამ შეხვედრაზე შედიოდა. 

"საგარეო საქმეთა მინისტრმა იბაქიბუქა, ვილაპარაკეთ დეოკუპაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ათას რაღაცაზეო. სინამდვილეში არაფერი არ ულაპარაკია ამიტომ, უნდა მოვიდეს პარლამენტში და გვითხრას, ვინ იყო ინციატორი, რატომ, რატომ დამთავრდა ეს ასე წამგებიანად ქვეყნის ინტერესებისათვის და საერთოდ რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა,"- ამბობს გოცირიძე მთავარ არხთან საუბრისას. 

ენმ-ის დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა, შესაძლოა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დავალებით შემდგარიყო, რათა რუსეთისთვის კიდევ ერთხელ დაედასტურებინა მორჩილება და ლოიალობა. 

"და ფაქტობრივად ხომ არ იყო ეს თხოვნა რუსეთისადმი არჩევნებში მხარდაჭერისა ისეთი პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმისა, როგორიც შესაძლებელია რაღაც ქულების ჩაწერის სახით გამოდგომოდა,"- ამბობს გოცირიძე. 

ევროპული საქართველოს პრესსამსახურის ცნობით, პარტია საკომიტეტო მოსმენას დაესწრება და მინისტრს კითხვებს ისინიც დაუსვამენ. 

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ შეხვედრაზე საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. 

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობითა და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. 

რუსული გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი თავდაპირველად ქართულმა მხარემ გამოთქვა. მოგვიანებით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო მინისტრმაც. ამის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის თქვეს, რომ შეხვედრა შვეიცარიის "ორგანიზებითა და ჩართულობით" შედგა, ხოლო სხვა დანარჩენი "გახლავთ ინსინუაციები ამ თემაზე". 

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა პირველი შემთხვევაა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

კომენტარები