ეკონომიკური ზრდა

ბაქრაძე მზად არის პრემიერმინისტრს ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდეს

Georgian Parliament speaker David Bakradze talks to the media after a meeting with representatives of the opposition Georgian Dream coalition at the government office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

"მთავრობისგან და მინისტრებისგან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, რომ თითქოს არაფერი ეკონომიკაში არ ხდება, ვფიქრობ, არის არასერიოზული. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება ვერ იგრძნონ მინისტრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, მაგრამ ეს აისახება ასეულობით ათასი ქართული ოჯახის ცხოვრებაზე", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს, 1 აგვიტოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

ბაქრაძე აცხადებს, რომ მზად არის პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდეს.

"ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკა მუდმივი კლებით ხასიათდება. მაისში ეს კლება ჩამოვიდა ნულოვან ზღვარზე, ხოლო ივნისში, კიდევ უარესი: გადაიზარდა მინუსში, ანუ ეკონომიკამ რეალურად დაიწყო დაკლება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება სოციალური ვალდებულებების შესრულება მომავალი რამდენიმე თვის შემდეგ. გაიზრდება უმუშევრობა და არ შეიქმნება სამუშაო ადგილები", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ივლისს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივნისის თვის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა.

 

კომენტარები