საპრეზიდენტო არჩევნები

გაბაშვილი: მარგველაშვილმა დებატებზე უარი განაცხადა

geonews.ge

ნაციონალური მოძრაობა გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, გიორგი მარგველაშვილმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ დავით ბაქრაძესთან დებატებში მონაწილეობაზე.

"ჩვენთვის ძალიან გასაკვირია და ძალიან უცნაურია, რატომ აცხადებს უარს ქართული ოცნების კანდიდატი ამ ტიპის დებატებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სხვა კანდიდატს პატივს ვცემთ და არ არის გამორიცხული, სხვა ფორმატის დებატებიც გაიმართოს სხვა კანდიდატების მონაწილეობით. მაგრამ სრულებით ცხადია, რომ ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დღეს არის, რომ დებატები ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს შორის ჩატარდეს, სადაც გამოჩნდება ორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა", - განაცხადა 29 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი "არ უნდა ამოეფაროს ბიძინა ივანიშვილს, თავად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და წარმოადგინოს საკუთარი ხედვა".

"თავისთავად ეს კანდიდატი მხოლოდ იმითაა ღირებული ქართული ოცნებისთვის, რომ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ და მის გემოვნებაზე მორგებულ კანდიდატურას", - განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილს "თავისთავადი პოლიტიკური ღირებულების" დემონსტრირება სურს, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან დებატები ამის საუკეთესო საშუალება იქნება.

გაბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალაა და მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა მის კანდიდატთან დებატებზე უარი არ უნდა თქვას. დეპუტატის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მარგველაშვილისგან მიღებული უარით გაკვირვებულია და საკუთარ შეთავაზებას იმეორებს.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძის წინადადების პასუხად პირისპირ დებატების შესახებ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დებატებში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა "ექსკლუზივებს ჩვენ არავის მივცემთ, მაგრამ შესაძლებლობა აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების, ყველას აქვს".

კომენტარები