მიქაუტაძის საქმე

შსს: მამუკა მიქაუტაძეზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, ამ ეტაპზე, დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის მხრიდან მამუკა მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლას ადგილი არ ქონია - ამის შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ნინო გიორგობიანის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამუკა მიქაუტაძეს კისრის არეში დაზიანების გარდა, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

„საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები." - ამბობენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, დაიკითხნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თბილისის მთავარი სამმართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის 5 ჯარისკაცი და მათი მეთაური, ასევე ის ექიმი-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს. ასევე დაკითხულია - მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მისი მეუღლე ზიზი ეძგვერაძე, მოწმის სახით დაიკითხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც მამუკა მიქაუტაძე, 5 ივლისს, თავად დაკითხეს მოწმის სახით.

„მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მას ეკუთვნოდა. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს, მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო. გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი, ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამას გარდა, უწყების მტკიცებით, ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს, რომელიც სამმართველოში შეყავთ და გამოყავთ, ვიზუალური დაკვირვებით ფიზიკური დაზიანება არ ეტყობა და თავისუფლად გადაადგილდება.
„ტექნიკური პრობლემის გამო, მიქაუტაძე საგუშაგოსთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. საგუშაგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან მიღებულია მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტომასალა. ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია." - ნათქვამია განცხადებაში.

შსს საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნას და ფოტო და ვიდეო მასალებს, მედიას გადასცემს.

გენერალური ინსპექცია გამოძიებას აგრძელებს.

36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს.

მიქაუტიძის საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებსა და დარღვევებზე საუბრობენ  არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი.

რაც შეეხება გელა მანჯავიძეს, რომლის წინააღმდეგაც ჩვენება მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მისცა, ის გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ შსს-ს დღევანდელი განცხადებისგან განსხვავებულ ვერსიას ყვება. ინტერვიუში მანჯავიძე ამბობს, რომ თავდაპირველად ემუქრებოდნენ და შემდეგ შეეშვნენ. იმავე ინტერვიუს მიხედვით, პოლიციაში მიყვანის შემდეგ მიქაუტაძე და გელა მანჯავიძე ერთად აღარ ყოფილან.

„ჯერ მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალდებას, პროკურორი გაბრაზდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, ხოლო თუ ვაღიარებდი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამომიშვებდნენ. მერე შემეშვნენ, მითხრეს, ვიცით "ნასროკალი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მამუკა კი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ალბათ ვერ გაუძლო ზეწოლას... როცა მიგვიყვანეს პოლიციის შენობაში, მამუკა წაიყვანეს და ერთად აღარ ვყოფილვართ. უბრალოდ ვხედავდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მას კითხავდნენ, მერე დაახლოებით 30-40 წუთით გაიყვანეს და აღარც შემოუყვანიათ." - ამბობს მანჯავიძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები