საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს პროკურატურას. საია აღნიშნავს, რომ მიქაუტაძის საქმის შს სამინისტროს მიერ გამოძიება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას და ეს დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი ეჭვი შს თანამშრომლების მიმართ ჩნდება, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათმა სავარაუდო დანაშაულებრივმა ქმედებებმა მიიყვანა:
"გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. თავად მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვას ბადებს თუ რამდენად მისცემდა პირი ნებაყოფლობით მსგავსი შინაარსის ჩვენებას საკუთარი თავისა და მეგობრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაადასტურა მიქაუტაძის სხეულზე გარეგნული დაზიანების ნიშნები, რომელიც ექსპერტის განცხადებით, მიქაუტაძეს სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა "რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით". ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა.
ამ პირობებში, ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებას კვლავ შს სამინისტროს გამომძიებლები ახორციელებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის", - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს.
"ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.
ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა, იყო ის, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შს სამინისტროს გამომძიებლებმა ჩაატარეს. სასამართლომ დარღვევად ჩათვალა ისიც, რომ შს სამინისტრომ გამოძიება პროკურატურას არ გადასცა მაშინვე, როცა შეიტყო, რომ ამ დანაშაულში წვლილი სავარაუდოდ შს სამინისტროს თანამშრომლებს მიუძღოდათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას", - ნათქვამია განცხადებაში.
36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იგი კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს.