საპრეზიდენტო არჩევნები

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დანიშვნის მომენტიდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება და საარჩევნო სუბიექტები ამ დღიდან თანასწორი უფლებებით სარგებლობენ.

კანდიდატებს უფლება აქვთ, მოამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფოტომასალები და ა.შ.

"აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას", - აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში.

"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება", - აღნიშნულია კოდექსში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნესტან კირთაძე მიიღებენ. 

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერი განსაზღვრავს. პრაიმერიში მონაწილეობას გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე იღებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარსადგენად პარტიამ და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა უნდა მიმართონ.

კომენტარები