საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებები შეაფასა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, საქართველო-რუსეთის განახლებულ დიალოგთან დაკავშირებით, პუტინის განცხადებაში საინტერესო მოსაზრებები და შეფასებებია.
"ჩვენ ყურადღებით გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებას. მასში არის საინტერესო მოსაზრებები და შეფასებები საქართველო-რუსეთის განახლებულ დიალოგთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იძლევა გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების აღდგენის კუთხით. საქართველოს მხარე ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს რუსეთთან ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებში. მისასალმებელია, რომ ბატონი პუტინი რეალურად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერასდროს იტყვის უარს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ამასთანავე, რუსეთის მხრიდან უახლესი ისტორიის რიგ ინტერპრეტაციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ, თუმცა რეალობაა, რომ საქართველოსა და რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებთ და ჩვენს ხალხებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულებაა. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით. ასევე მოველით, რომ რუსეთის მხარე მიიღებს ქმედით ზომებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დიდ სირთულეებს უქმნის მოსახლეობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და ხელს არ უწყობს ქართულ-რუსულ დიალოგს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Russia Today-სთან ვრცლად ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებზე.





