რელიგიური შეუწყნარებლობა

სამთაწყაროში მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული მსახურება ვერ შეასრულეს

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ისლამის მოთხოვნით გათვალისწინებული პარასკევის ტრადიციული ლოცვა, რომელიც 13:00-ზე უნდა გამართულიყო, არ შედგა. მუსლიმები ლოცვაზე არ გამოცხადდნენ, თუმცა სამლოცველოსთან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც სოფელში სამლოცველოს გახსნას ეწინააღმდეგება. მუსლიმთა წინამძღოლი სულიკო ხოზრევანიძე შეეცადა სამლოცველოში შესვლას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა - რამდენიმე პირი მას წინ გადაუდგა. ხოზრევანიძე  სამლოცველოში შესვლის მცდელობისას შეუძლოდ გახდა და პირველადი დახმარება დასჭირდა.

როგორც ტაბულა უკვე წერდა, რამდენიმე პარასკევია, რაც ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი, მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას ეწინააღმდეგება. სამთაწყარო საზღვრისპირა სოფელია, სადაც 1500 მოსახლე ცხოვრობს. მათგან ნაწილი ჰერეთიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის ჩამოსახლებული.

კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მოსახლეობის მუსლიმურმა ნაწილმა, რომლებიც აჭარიდან ეკომიგრანტები არიან, თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელში სამლოცველოს აშენების შესახებ. სამმართველომ სამლოცველოს მოსაწყობად სახლი იყიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა ღვთისმსახურებას ხელს უშლის.

დღეს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა. "რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადეკვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სოფელში ამ დრომდე მუსლიმები და ქრისტიანები კონფლიქტის გარეშე ცხოვრობდნენ. ეს უკვე მესამე სოფელია საქართველოში, სადაც არჩევნების შემდეგ მუსლიმებს ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის ლოცვის აღსრულებაში. აქამდე ანალოგიური პრობლემები ქრისტიანული მოსახლეობის მხრიდან, სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მუსლიმურ მოსახლეობას ჰქონდა.

იხილეთ სტატიები ნიგვზიანსა და წინწყაროში განვითარებული მოვლენების შესახებ: 

ნიგვზიანის სპირალი

შეუწყნარებლობის ახალი კერა

კომენტარები