აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ერთ-ერთ მთავარ ფინანსისტსა და კიდევ 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე თავდასხმები განაახლა.
სანქციების სამიზნე გახდა დუბაიში მცხოვრები ირანელი ბანკირი და ბიზნესმენი ალი ანსარი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე იყო სანქცირებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და სხვა სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ანსარი სახელმწიფო სახსრებს საზღვარგარეთ უძრავი ქონებისა და კომერციული აქტივების ფართო ქსელში მიმართავდა, რითაც ამდიდრებდა საკუთარ თავს, ირანის მმართველ ელიტასა და IRGC-ს.
უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) ასევე სანქციები დაუწესა ირანში მოქმედ სამ ვალუტის გადამცვლელ კომპანიას და რამდენიმე უცხოურ "ფრონტ-კომპანიას", რომლებიც, სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს ახორციელებდნენ სანქცირებული ირანული ბანკების სახელით და მთავრობის უკანონო ფინანსური საქმიანობის დასაფარად კომპანიების მრავალშრიან ქსელს იყენებდნენ.
"შეერთებული შტატები გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ირანის მმართველი ელიტის ფინანსური არხების გადასაკეტად" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომი პიგოტმა. მისი თქმით, "ამ ქსელებზე მიზანმიმართული ზეწოლით აშშ უშუალოდ ზღუდავს რეჟიმის შესაძლებლობას, მოიპოვოს უცხოური ვალუტა და განახორციელოს საერთაშორისო ფინანსური ოპერაციები".
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, თუმცა ვაშინგტონი თეირანის თხოვნით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დათანხმდა.




