უშიშროების საბჭო

ბოკერია: პრემიერმა სრული უცოდინრობის გამო პოლიტიკური მასკარადი მოაწყო

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 5 ივნისს, 16:00 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომაა დანიშნული, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც, ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. მოგვიანებით კი მან გადაცემა პოზიციაში ვრცლად ისაუბრა იმ სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომის არგამართვას უკავშირდება ბოლო თვეების განმავლობაში. ამ თემაზე განცხადება პრემიერმა 4 ივნისსაც გააკეთა გადაცემა რეზიუმეში. "კეთილი ინებონ და ჩემი მითითებების ლოდინის ნაცვლად იმოქმედონ ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია მაქვს მე, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ და არ ესმის, თუ რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ.

გიგა ბოკერიამ გადაცემა პოზიციაში განაცხადა, რომ ყველაზე საკვანძოა პრემიერი მივიდეს სხდომაზე, რათა საქმიანი საუბრის საშუალება ჰქონდეთ სპეკულაციებისა და პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე. მან გაიხსენა, რომ თავიდანვე იყო სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარებულიყო, რის შესახებაც არაერთი შეთავაზება გაკეთდა. მათ შორის უშუალოდ პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც პრემიერს შეხვდა. ბოკერიას თქმით, ეს ცივილიზებულად უნდა მომხდარიყო და არა იმგვარად, რომ ქცეულიყო პიარისა და პოლიტიკური კლოუნადის საკითხად, "რომ მე ახლა გამოვაცხადებ და ვატარებ სხდომას, მოხვალ თუ არ მოხვალ, არ მაინტერესებს. ეს არანორმალურია". - აცხადებს ბოკერია. ის ხაზს უსვამს, რომ პრემიერს მცდარი წარმოდგენა აქვს და არც არავინ უხსნის, უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების არსს. "მას ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ეს ვარ მე, უშიშროების საბჭოს აპარატის მდივანი გახლავართ. მე ვარ ერთ-ერთი წევრი. უშიშროების საბჭო, პირველ რიგში, არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და მისი გუნდი", - ამბობს ბოკერია. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე პრემიერი და მისი გუნდის წევრები პარანორმალურ განცხადებებს აკეთებენ. პრემიერისგან კი აგრესიული და არასერიოზული პასუხიც მიიღეს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზებისა და სრული უცოდინრობის გამო პოლიტიკური მასკარადი მოაწყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ხვალ შეძლებენ საქმიანი შეხვედრის ჩატარებას. "მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გვაქვს იმედი, რომ ხვალ, როდესაც შევიკრიბებით, შედგება შეხვედრა, პრემიერი დაესწრება და იქ მაინც, არა კამერებისთვის და პიარისთვის, იმ საკითხებზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, საქმიანი ურთიერთგაცვლის საშუალება გვექნება, მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი განსხვავებისა თითქმის ყველაფერზე", - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილთან და წინა ხელისუფლების ლობისტურ დანახარჯებზე გამოძიებასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვაშინგტონ პოსტი მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აფასებს საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებს კრიტიკულად. ამის შესახებ მან გადაცემა რეზიუმეში ისაუბრა და დაამატა, რომ ეს ის ლობისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, მხოლოდ 2012 წელს მათზე 16 მილიონზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და ამას გრიფი საიდუმლო ედო.

"დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. რამეთუ იქ არის 200 ათასი, 300 ათასი, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული", - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული და გაწერილი. "რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი. შეკითხვები აუცილებლად იქნება. მას მოუწევს, პასუხები გასცეს გამოძიებასაც, თუ გამოძიება დაუსვამს შეკითხვებს და საზოგადოებასაც. რამდენჯერმე განვაცხადე ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით", - თქვა ივანიშვილმა.

ბოკერიამ გაიხსენა, რომ პირველი ამ ტიპის განცხადება პრემიერმა მაშინ გააკეთა, როდესაც რამდენიმე თვის წინ ასევე ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა კრიტიკული სარედაქციო წერილი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ. ის იხსენებს, რომ მაშინაც პრემიერი გაბრაზდა სტატიის გამო, თქვა, რომ ეს არის მისი და გუნდის სხვა წევრების გაკეთებული და რომ ბოკერიას მოუწევდა პასუხისგება. "ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს ჩემს შესაძლებლობებზე, რასაც ვაფასებ - რომ ვაშინგტონ პოსტის ტიპის ავტორიტეტული გაზეთის სარედაქციო წერილებს მე ვწერ", - აცხადებს ბოკერია. ის ამბობს, რომ სწორედ ამ სიბრაზის გამო საუბრობს პრემიერი გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაზე, რა პროცესიც უკვე დაწყებულია. "პროკურატურას გამოთხოვილი აქვს საბუთები და ისინი მუშაობენ", - ამბობს ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს იმასაც, თუ რა მიმართულებით ქირაობდა კონსულტანტებს საბჭო და რა პროექტებს ახორციელებდა ევროპაში, აშშ-ში, თუ სხვაგან. მისი თქმით, ეს პროექტები ხორციელდებოდა ოფიციალურად, ნაწილი საჯარო არ იყო, თუმცა დოკუმენტურად, სახელმწიფო აპარატისთვის და მათ შორის ახალი ხელისუფლების იმ ნაწილისთვის, ვისაც დაშვება აქვს, ეს ინფორმაცია ღიაა. ბოკერიას განმარტებით, ეს პროექტები შეეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სპეციფიკურ საკითხებს ..., რაზეც, ბოკერიას აზრით, აბსოლუტურად ლეგიტიმური და აუცილებელი იყო და ახლაც არის, რესურსების დახარჯვა, მათ შორის მატერიალურის.

მან ისიც განმარტა, თუ რაზე მუშაობს უშიშროების საბჭოს აპარატი და მზადყოფნა გამოთქვა, ეს პრემიერსაც აუხსნას. მან მაგალითად მოიყვანა ახალი ხელისუფლების საშუალო რგოლებთან თანამშრომლობით შექმნილი კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. ასევე ისეთი დოკუმენტის შემუშავება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, როგორიცაა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა. "აპარატი მუშაობს ამაზე. უშიშროების საბჭოს მუშაობა კი, მათ შორის, არის პრემიერის მუშაობა. ხვალ უნდა იმუშაოს უშიშროების საბჭომ", - აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას ასი ათასობით ნაღდ ფულთან დაკავშირებით, ბოკერიას განცხადებით, ეს არის სრული აბსურდი. "ყველა გადარიცხვა არის ელექტრონული. არანაირი ნაღდი ფულის მოძრაობა აღარ არსებობს", - აცხადებს ის. მისი განმარტებით, ამ სიტუაციაში უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში, პრემიერის მხრიდან "ეს არის ოპონენტების არსებობის სრული აუტანლობა. ხშირად ამბობს ოპონირება მომწონს, მაგრამ სიმართლე უნდა ილაპარაკონო, ანუ რაც მას მიაჩნია სიმართლედ". ბოკერიას თქმით, ეს არის ყველაზე სახიფათო ფსიქოლოგიური პრობლემა და საქმე გვაქვს ღია ავტორიტარულ დეკლარაციასთან. მისი განცხადებით, პრემიერს შუასაუკუნეობრივი წარმოდგენები აქვს და ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.

კომენტარები