საგარეო პოლიტიკა

პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ რეზოლუცია მიიღო

დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. 19-პუნქტიანი დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგია.
საპარლამენტო უმცირესობა მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია - ამის შესახებ განცხადება გია ბარამიძემ გააკეთა. 
„შეიძლებოდა დოკუმენტში მთელი რიგი საკითხები კარგად გამოკვეთილი და მთელი რიგი მიმართულებები უფრო ნათლად ჩამოყალიბებული ყოფილიყო. ამ დოკუმენტში აისახა ის პრინციპები და პრიორიტეტული მიმართულებები, რაც ჩვენთვის უმთავრესია. ეს პრინციპები  არა მარტო ამ დოკუმენტში, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს. ეს არის საქართველოს კურსის უცვლელობა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების, დეოკუპაციის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების და საქართველოს დსთ-ში არგაწევრიანების  თვალსაზრისით“, -ამბობს ბარამიძე.   
19-პუნქტიანი დოკუმენტი ქართული ოცნების მიერ ინტერფრაქციული შეთანხმებისთვის მომზადებულ პროექტს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი  ნაციონალური მოძრაობის წინადადებებს ასახავს, კერძოდ იმას, რომ საქართველო არ გაწევრიანდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს  –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ტაბულა აქვე გთავაზობთ 19-პუნქტიანი დოკუმენტის სრულ ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებაზე პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;

ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო;

გამოხატავს რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა  ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის ავტორიტეტის დამკვიდრებას;

მიიჩნევეს რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია

საქართველოს პარლამენტი აცხადებს ქვეყნის  საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე;

2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;

5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;

6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;

7. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;

8. ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;

9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:

- თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;

- თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;

- დემოკრატიის გაძლიერება;

- ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;

11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის  და სხვა სახელმწიფოების პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად;

13. საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;

14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;

15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;

16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;

18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას ან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა;

 19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და „არაღიარების პოლიტიკის“ შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში.

 

კომენტარები