უეფას ჩემპიონთა ლიგა

ჟოზე მოურინიო: უკეთესმა გუნდმა წააგო

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში, მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც თურქმა მსაჯმა ჯუნეით შაქირმა, სახიფათო თამაშის შემდეგ ლუის ნანი მოედნიდან გააძევა. იქამდე იუნაიტედის ფეხბურთელები 48-ე წუთზე სეხიო რამოსის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ. არბიტრის საკამათო გადაწყვეტილების შედეგად მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითიც რეალის ფეხბურთელებმა მალევე ისარგებლეს. ჟოზე მოურინიომ მოედანზე ლუკა მოდრიჩი შემოუშვა, რომელმაც 66-ე წუთზე ანგარიში შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა. სამ წუთში კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, როდესაც იგუაინის პასის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის კარში მეორე გოლი გაიტანა. 

მატჩის შემდეგ მოურინიომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "უკეთესმა გუნდმა წააგო. ჩვენ არ ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან კარგად თამაშობდა, კომპაქტურად და კარგი მხრივ აგრესიულად. ეჭვი მეპარება, რომ თანაბარ პირობებში მოგვეგო".

ემოციური იყო კრიშტიანუ რონალდუც. ფეხბურთელმა, რომელიც მადრიდის რეალში 80 მილიონ ფუნტ სტერლინგის საფასურად 2009 წელს სწორედ იუნაიტედიდან გადავიდა, გატანილი გოლის შემდეგ ყოფილი გუნდის გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის ნიშნად, ემოციები მოთოკა და თავშეკავებულად იზეიმა.

"დაუჯერებელია...  ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო ორივე მატჩი, თუმცა დღევანდელი განსაკუთრებით. ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ ავხსნა თუ რას ვგრძნობ. გულშემატკივრების წინაშე ვერ ვაჩვენე ის თამაში, როგორც საერთოდ ვთამაშობ ხოლმე", - განაცხადა რონალდუმ.

პარალელურად მიმდინარე მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, დორტმუნდის ბორუსიამ დონეცკის შახტარი აუგუსტოს, გიოტცეს და ბლაშიკოვსკის გოლების წყალობით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

კომენტარები