უეფას ჩემპიონთა ლიგა

დინამო თბილისი - სტრეიმური 6:1 - თბილისელებმა ფარერელები გაანადგურეს

ს.კ დინამო თბილისი
shakhtar.com

დინამო თბილისმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. თბილისელები გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთნენ და 16 ივლისს, დინამო არენაზე, ფარერის კუნძულების სტრეიმურს უმასპინძლეს. 6:1 - ასეთი ანგარიშით დაამარცხეს თბილისელებმა ფარერის კუნძულების წარმომადგენლები და საპასუხო შეხვედრის წინ, კითხვა თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე, მოხსნილია.

გამარჯვების მიუხედავად, შესამჩნევი იყო, რომ დინამოელებს შეთამაშება აკლდათ და სასურველ კონდიციებში ჯერ ბოლომდე არ იმყოფებიან. ასეა თუ ისე, სტრეიმური ასეთმა დინამომაც გაანადგურა. პირველი გოლი 39-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჩისკოს გადაცემა თავით მისმა თანამემამულემ, უსტარიცმა აქცია გოლად. აქამდეც და ამის შემდეგაც დინამოელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანას მაინც ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა დინამოელთა 10 ნომერი გიორგი მერებაშვილი. 42-ე წუთზე, მეკარე გიორგი ლორიასა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, დინამოს მაკედონიელმა ლეგიონერმა, დარკო გლიშიჩმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი მატჩის განმავლობაში, კუნძულელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ეს უფრო მეტად დინამოელთა არადამაჯერებელი მოქმედებების დამსახურება იყო, ვიდრე თავად სტრეიმურის ფეხბურთელების კლასის. დინამო რომ 1:1-ზე თანახმა არ იყო, ერთ წუთში გამოჩნდა, როდესაც ჯაბა დვალმა მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა.

მეორე ტაიმში თბილისელები მეტად გააქტიურდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა - დინამომ 4 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 65-ე წუთამდე, დუშან უჰრინის გუნდი პირველი ტაიმის მსგავსად, სათამაშო უპირატესობის გოლში ასახვას ვერ ახერხებდა. 70-ე წუთზე მოედანზე დვალის ნაცვლად მოედანზე, კოტდივუარელი თავდამსხმელი პატრიკ ვუო გამოვიდა. ეს ვუოს პირველი შეხვედრა იყო დინამოს მაისურით და გულშემატკივრები დებიუტანტს მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. დებიუტი დინამოს 99-ე ნომერს შესანიშნავი გამოუვიდა - 77-ე და 81-ე წუთზე გაიტანა და დუბლი შეასრულა. იქამდე იყო ჩისკოს და პირველ ტაიმში ტრავმირებული ძარიას ნაცვლად შემოსული გრიგალაშვილის გოლები. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი მატჩში კარგად ჩაერთო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისი გოლიც ცალკე აღნიშვნის ღირსია. სამწუხაროდ, როგორც დუშან უჰრინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი ძარია საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ხოლო კონკრეტულად თუ რა სირთულის ტრავმა აქვს, ეს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

პრესკონფერენციაზე, დინამოს მწვრთნელმა განაცხადა, რომ შედეგით კმაყოფილია და საპასუხო შეხვედრაშიც გამარჯვებას გეგმავს. უჰრინის თქმით, გადამწყვეტი მომენტი დვალის გოლი იყო, რის შემდეგაც გუნდის თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. საინტერესო კომენტარი გააკეთა სტრეიმურის მთავარმა მწვრთნელმა რუნი ნოლსოემ - მან მისი გუნდის მარცხი ძლიერ სიცხეს დააბრალა და თქვა, რომ სამწუხაროდ სტრეიმურის ფეხბურთელები ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეულები არ არიან. მეორე მიზეზად, ნოლსოემ მომენტების გამოუყენებლობა დაასახელა, მაგრამ ბოლოს შედარებით ადეკვატური რამ განაცხადა: "ასეთ ძლიერ გუნდთან თამაში რთულია, სახლში 5 ბურთის გატანა წარმოუდგენელი მგონია, ამიტომ ჩვენთვის კარგი შედეგი, უბრალოდ გამარჯვება იქნებაო". 

შეგახსენებთ, რომ ფარერის კუნძულებზე, საპასუხო მატჩი სტრეიმურსა და დინამო თბილისს შორის, 23 ივლისს გაიმართება.

კომენტარები