თბილისის მერი, გიგი უგულავა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა. უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უმცირესობა იბრძვის იმისთვის, რომ ''გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს''.
"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ. მინდა გაგამხნევოთ ყველანი და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის. ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს. რომ მივაღწიოთ სამოქალაქო თანხმობას, რომ ის ბურუსი, რომელიც ქვეყანას თავს ახვევია, გაიფანტოს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუსწოროთ თვალი, რომ ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა", - განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ქვეყანა განსაცდელშია, რადგან ოპონენტების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
"მე მზად ვარ, წარვდგე მართლმსაჯულების წინაშე. ეს არ არის ჩემი პირადი ამბიციის საკითხი. მე თქვენ დამიჭირეთ მხარი არჩევნებზე. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ანთებული თვალებით გხედავთ. არ მაქვს უფლება უკან დახევის. ამ ბრძოლაში ბევრმა ადამიანმა ზურგი გვაქცია. შეიძლება ბევრი მართალიც იყო. არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყველა კუთხეში მართლები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს გვიღალატია. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ერთად, ხაზს ვუსვამ, მათთან ერთად, რადგან ისინი გამარჯვებულები არიან, უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ შეასრულოს, რასაც ხალხს შეპირდა", - აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ქალაქ თბილისის მერს, დღეს ბრალს წაუყენებს.
ბრალდება შეეხება ''დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას, გაფლანგვასა და დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების ფაქტებს''.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, გიგი უგულავას რამდენიმე ასეული მხარდამჭერია შეკრებილი.