თბილისის მერი

გიგი უგულავა: გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობდა

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც ის მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გარშემო საუბრობდა. მისი თქმით, გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობდა. უგულავამ იმ ორ ეპიზოდზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალდება წაუყენა და რომელიც შეეხება, მათი თქმით, "ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის" და "სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის თვალ­თმაქ­ცურ და­ფი­ნან­სე­ბას".  

პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც რიყის გასხვისების შედეგად ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს ქალაქის მერს, უგულავამ განაცხადა, რომ  ბრალდება "მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფული, დაკავშირებული გარკვეულ ტრანსაქციებთან, წაუღია ჯოსეფ ქეის... ტელევიზია იმედი დღეს არის პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრება" და ბრალს უყენებენ მას. "ესეც, რა თქმა უნდა, აბსურდის თეატრის ჟანრია და მე სულ მცირე დეტალებზე ამ მომენტში მხოლოდ იმიტომ ვერ ვისაუბრებ, რომ გამოძიებამ იმდენი პატივიც არ დადო საზოგადოებას, რომ მუხლები დაესახელებინა და არ ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა მუხლებით ედება ბრალი ქალაქის მერს", - ამბობს უგულავა. 

"მე აქაც ვადასტურებ და ვამაყობ იმით, რომ როდესაც მე გავხდი მერი, რიყის ტერიტორია, ქალაქის ცენტრი იყო "პარცელებად" დაყიდული, დანიავებული... მე ვამაყობ იმით, რომ ეს მარგალიტი ქალაქის ცენტრის დაუბრუნდა ხალხს, არის ხალხის სამსახურში და უამრავი ადამიანი დადის იქ და სეირნობს", - განაცხადა მან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია აქვს სურვილი, დაეპატრონოს რიყის ტერიტორიას. "მე მეღიმება და ვცდილობ, ვიხმარ დღეს მოდურ სიტყვას, ირონიით შევხედო ამ ბრალდებებს... დღეს უკვე ჩვენ ირონიით უნდა მოვეკიდოთ იმ ცინიზმს, რომელიც ივანიშვილისგან მოდის", - აღნიშნა მან გამოსვლისას. 

მეორე ეპიზოდის გარშემო კი გიგი უგულავამ დასძინა, რომ ის კმაყოფილია, რადგან გამოძიება  ფულის არა მოპარვას, არამედ ხელფასებად დარიგებას ედავება. "გამოძიება ამ საკითხში გვედავება ადამიანების დასაქმებას... მე აღნიშნე და დღესაც ვიმეორებ - ვთვლი, რომ გავაკეთე სწორი, ამაში არავითარი დანაშაული არ არის. ასევე ვთვლი, რომ გამოძიებამ ბნელ და ჩახუთულ ოთახებში... დაკითხვის პროცესი ცალმხრივად წარმართა", - განაცხადა თბილისის მერმა. 

უგულავას განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის განმავლობაში მიდის  ბრძოლა თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ. "მიდის პირდაპირი მნიშვნელობით ტერორი ამ ადამიანების მიმართ... მათ სურთ თბილისის მმართველობისგან ჩემი ჩამოშორება... მე მზად ვარ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის, არავითარი პრობლემა არა მაქვს ამის,  მაგრამ იცოდეთ, მე მივმართავ პირადად პრემიერმინისტრს და მის გუნდს, რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან", - აცხადებს უგულავა.

მერმა გამოსვლაში განმარტა, რომ აღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, პირველ ვიცემერად დაინიშნება საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე. ხოლო მერის მოადგილის თანამდებობა მან ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ვანო მერაბიშვილს შესთავაზა. მან მადლობა გადაუხადა ქალაქის პირველ ვიცემერს, დავით ნინიძეს, გაწეული  სამსახურისთვის და განმარტა, რომ ის მერის მოადგილედ გადაინაცვლებს. მერმა, ასევე, სევდია უგრეხელიძისა და ვანო მერაბიშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება საშუალებას მისცემს ქალაქის მერიას, რომ ყველა პროგრამა და დაპირება იქნეს შესრულებული. 

"თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე მზად ვარ, ვიყავი ომში და მზად ვარ კიდევ წავიდე ომში.  თუ ჩემი ქვეყნის გზა გადის ციხეზე, მე ასევე მზად ვარ წავიდე ციხეში, თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მე ასევე მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ შიზოფრენიულ, გიჟურ, ჩანასახოვან დიქტატურას მე არასდროს შევეგუები", - აცხადებს  უგულავა. 

 

 

კომენტარები