თბილისის მერი

გიგი უგულავას 23 თებერვალს ბრალს წაუყენებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქალაქ თბილისის მერს ბრალს წაუყენებს. ბრალდება შეეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას, გაფლანგვასა და დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების ფაქტებს. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ბრალდება შეეხება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ”გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია  იმედის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების მთავარი მონაწილე გიგი უგულავა იყო”.  მეორე ეპიზოდი ეხება ”საბიუჯეტო თანხებით პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც ასევე გახლდათ ქალაქ თბილისის მერი გიორგი უგულავა”.

უწყების მიხედვით, ქალაქის მერი გიგი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება. ის საგამოძიებო ორგანოში, 23 თებერვალს, 14:00 საათზეა დაბარებული. 

 

კომენტარები