უეფას ჩემპიონთა ლიგა

ალექს ფერგიუსონი: რასაც კრიშტიანუ მოედანზე სჩადის, ეს ფენომენალურია

დღეს, მადრიდის რეალი მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.

მერვედფინალური დაპირისპირებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მადრიდში გაიმართება.

ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე იმედიანად იყო განწყობილი:

- იმედი მაქვს, ხარისხიან შეხვედრას ვიხილავთ. ზოგჯერ გულშემატკივრები ბევრს ელიან, თუმცა მატჩი არც ისე კარგი გამოდის ხოლმე. მადრიდის რეალს 9 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული, მე კი - 2. მსურს ლიგა მესამეჯერ მოვიგო. არ  ვიცი ეს ახლა მოხდება თუ შემდეგ წელს, მაგრამ ნამდვილად არ ვგეგმავ კარიერის დასრულებას მხოლოდ ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტულით.

მოედანზე ყველაზე მეტი ყურადღება კრიშტიანუ რონალდუსკენ იქნება მიმართული. პორტუგალიელმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 6 წელიწადში 118 გოლი გაიტანა, მადრიდის რეალის შემადგენლობაში კი 2009 წლიდან დღემდე 179 შეხვედრაში 182- ჯერ შეარხია მეტოქის ბადე.

ის მზად არის... ერთი სული აქვს როდის დაიწყება შეხვედრა. კრიშტიანუსთვის ემოციურად დატვირთული მატჩი იქნება, რადგან იუნაიტედს პირველად დაუპირისპირდება. ის კარგ ფორმაშია და იმედია დღეს თავის სიტყვას იტყვის, - განაცხადა მიკაელ ესიენმა.

ინგლისელთა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა არ დამალა, რომ მისი ფეხბურთელები დღეს მოსაგებად იბრძოლებენ:

- ჩემთვის პირადად და გუნდისთვისაც ეს დიდი გამოწვევაა. ველი ფანტასტიკურ შეხვედრას, რადგან ერთმანეთს ორი მსოფლიოში საუკეთესო გუნდი შეხვდება. მანჩესტერ იუნაიტედის მიზანი ყოველთვის მოგებაა. ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ - არა, მაგრამ აუცილებლად შევეცდებით.

რაც შეეხება რონალდოს, ვფიქრობ, იგი ახლა კარიერის პიკზეა. როდესაც ჩვენი გზები გაიყო, ის ახალგაზრდა იყო, ვფიქრობდი, რომ მოუმატებდა და უკეთესი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ რასაც კრიშტიანუ მოედანზე სჩადის, ეს ფენომენალურია. რონალდუ და მესი მსოფლიოში საუკეთესი ფეხბურთელები არიან.

მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები