საგარეო პოლიტიკა

ივანიშვილი: ევროპა არ უნდა ვაშაკიძეს ან NATO-ს წინააღმდეგია?

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. ვაშაკიძემ, 22 იანვარს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და მიზეზად ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ "კურსთან და სტილთან" შეუთანხმებლობა დაასახელა.
"რას არ იზიარებს? ჩვენი კურსია ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და რას არ ეთანხმება? ევროპა არ უნდა ვაშაკიძეს ან NATO-ს წინააღმდეგია?" -  ჩაეკითხა ივანიშვილი ჟურნალისტებს.
პრემიერი აცხადებს, რომ გასულ კვირას, სომხეთში ვიზიტამდე, ორჯერ შეხვდა ვაშაკიძეს, რომელიც მას სხვადასხვა საკითხებზე საგარეო უწყების პოზიციას აცნობდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს შორის არ იყო ნახსენები ისეთი "აქტუალური საკითხი", როგორიცაა საქართველო-რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის აფხაზეთის გავლით აღდგენა.
"როდესაც ვკითხე, თუ რა პოზიცია ჰქონდა მას, მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა პოზიცია. და როდესაც ვკითხე, როდის ექნებოდა პოზიცია, მითხრა, რომ ერთი კვირა დასჭირდებოდა. მე მეგონა, რომ ხუმრობდა... იქ ნახა მან ჩემი რეაქცია, რომ ეს არასერიოზული პასუხი იყო და შეიძლება ჩემზეც გაბრაზდა, მაგრამ მან ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა ძალიან სერიოზულ კითხვაზე. შეიძლება ამას უკავშირდება, რომ პოლიტიკური თანხვედრა არ გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, თანამდებობიდან გადამდგარმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ, 22 იანვარს, ეკა კვესიტაძის გადაცემა აქცენტებში ვრცელი განმარტებები გააკეთა იმ "სერიოზულ კითხვის ნიშნებთან" დაკავშირებით, რომელიც მას ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიმართ გაუჩნდა. 

კომენტარები