ვენესუელა

ჩავესის ინაუგურაცია გადაიდო

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ დააკმაყოფილა მე-4 ვადით არჩეული პრეზიდენტ უგო ჩავესის თხოვნა ინაუგურაციის ცერემონიის გადადების შესახებ. ცერემონია 10 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩავესი უკვე ერთი თვეა კუბის საავადმყოფოში იმყოფება. კიბოს ოპერაციის შემდეგ, ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფილტვის ინფექციამ გაართულა. 
ოპოზიციამ უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, მკაფიო განმარტებები გააკეთოს კონსტიტუციაში არსებულ ბუნდოვანებაზე იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს ინაუგურაციაზე ჩავესის გამოუცხადებლობის შემთხევაში.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ, თუ ჩავესი ინაუგურაციას არ დაესწრება, პრეზიდენტის უფლებამოსილება ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს უნდა გადაეცეს, რომელმაც, თავის მხრივ, 30 დღეში ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. 
"პრეზიდენტის ავადმყოფობაში დამნაშავე არავინაა. ეს ბედისწერაა. სამწუხაროდ, იგი ვეღარ იქნება რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასე რომ, ვენესუელაში ახალი საარჩევნო პროცესი უნდა გაიმართოს. თუ ამჟამინდელი მმართველები კონსტიტუციას გადაუხვევენ, მათ აღარ ექნებათ ლეგიტიმურობა ხალხის წინაშე", - აცხადებს ოპოზიციონერი კანონმდებელი ალფრედო რამოსი. 

კომენტარები