თბილისის მერი

უგულავა: ოპოზიციის სახელით გთავაზობთ, ერთად ვიზრუნოთ ეკონომიკის წინსვლაზე

მთავარ პროკურატურაში თბილისის მერის მოადგილის დავით ალავიძის დაკითხვა დასრულდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ალავიძე უკანონო შეწირულობასთან დაკავშირებით იყო დაბარებული. 

დავით ალავიძის პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა, რომლის შეფასებით, სხვადასხვა თანამდებობის პირების პოლიტიკური მოტივით დაკითხვა მახინჯ ტრადიციად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. 

"აღნიშნული ფაქტები პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება უარყოფითად, რაც  თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს აზარალებს. სამწუხაროდ, სხვადასხვა პირებზე ზეწოლის მცდელობით გამოწვეული ეიფორია აბსურდის თეატრს დაემსგავსა. მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის განვითარების საკითხს. ოპოზიციის სახელით მზადყოფნას გამოვთქვამ, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ერთად ვიზრუნოთ ეკონომიკის წინსვლაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც ცალსახად მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხს", - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ალავიძე დღეს, 28 დეკემბერს დაიბარეს პროკურატურაში. 

კომენტარები