კინო

ჰობიტი ახალი ზელანდიიდან

Ash adan durbatulûk, ash adan gimbatul, Ash adan thrakatulûk agh burzum-ishi krimpatul

პიტერ ჯექსონი

ახალი ზელანდიის პატარა ქალაქში, ფაქერუა ბეიში, ჯექსონების ოჯახში ტელევიზორი იყო ჩართული. პატარა პიტერი შავ-თეთრ ფილმს უყურებდა, სადაც გიგანტური მაიმუნი ნიუ იორკს „აზანზარებდა”. პიტერს ხან ეშინოდა, ხან აღფრთოვანების ტაშს შემოკრავდა, The Empire State Building-ზე მაიმუნის დაღუპვის სცენაზე კი ატირდა. „კინგ კონგი” პიტერ ჯექსონის საყვარელ ფილმად იქცა და ჯერ კიდევ ბავშვმა მტკიცედ გადაწყვიტა, რეჟისორი გამხდარიყო, რათა თავისი საყვარელი გმირი ეკრანზე თვითონ გაეცოცხლებინა. 8 წლის პიტერი მშობლების სუპერ 8-ით (ვიდეოკამერა) ფილმებს იღებდა, 9 წლისამ კი „კინგ კონგის” გადაღება სცადა. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ რეჟისორობა ის ერთადერთი საქმეა, რომლის კეთებაც უნდოდა, ამიტომ 16 წლისამ სკოლა მიატოვა, მუშაობა და ფულის შეგროვება დაიწყო, რითაც საკუთარი ვიდეოკამერა იყიდა. დაახლოებით იმ პერიოდში ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი” წაიკითხა და მიხვდა, რომ მის „აუცილებლად გადასაღებელი ფილმების” სიას კიდევ ერთი წევრი შეემატა. მაგრამ ოცნებების ასრულებამდე ჯერ დიდი გზა იყო გასავლელი.

პიტერ ჯექსონი 1961 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინის დღესასწაულზე დაიბადა. მისი მეგობრები ხუმრობენ, რომ რეჟისორის სიყვარული ჰორორ კომედიების მიმართ, სწორედ ამითაა გამოწვეული. ჯექსონის სადებიუტო ფილმი, „ცუდი გემო”, 1987 წელს გამოვიდა. პიტერი ამ ნამუშევარზე 4 წელი მუშაობდა, ის იყო რეჟისორი, სცენარისტი, იდეის ავტორი, სპეცეფექტების ავტორი, პროდიუსერი და მსახიობიც კი. ეს დაბალბიუჯეტიანი ჰორორ კომედია კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. კრიტიკოსების ნაწილმა ჯექსონის შავი იუმორი მოიწონა, მეორე ნაწილი კი ზედმეტმა ძალადობამ გააღიზიანა. თუმცა ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორთან ჰქონდათ საქმე. ამ ნამუშევარმა პიტერ ჯექსონს შემდეგი ფილმის გადასაღებად საკმარისი თანხა და მეუღლე “მოუტანა”. ფრენ უოლში „ცუდის გემოს” გადაღებისას გაიცნო. ერთნაირი გემოვნების, იუმორისა და იდეების პატრონებმა, ერთმანეთს ძალიან იოლად გაუგეს და მალევე იქორწინეს. მას შემდეგ უოლში ჯექსონის განუყოფელი ნაწილი, მისი მარჯვენა ხელი და ყველა პროექტის მნიშვნელოვანი წევრია.

„ცუდ გემოს” „გაიცანით ფიბლზები” და „ცოცხალი მკვდარი” მოჰყვა. ამ სამმა ფილმმა ჯექსონს, როგორც კარგ სატირიკოსს, გაუთქვა სახელი. ბავშვობაში მონტი პაიტონის შოუს ფანს, არ გასჭირვებია აბსურდი და რეალობა გემოვნებით შეეზილა ერთმანეთში. თუმცა მას

პიტერ ჯექსონი
მეტი უნდოდა, ერთ ადგილზე გაყინვა კი, ამ „მეტს” ვერ მოიტანდა, ამიტომ ჯექსონმა განსხვავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყო. „ზეციური ქმნილებები” ორი მეგობარი გოგოს ისტორიაა, რომლებიც რეალობისა და ფანტაზიის მიჯნაზე ცხოვრობენ, მათ იდილიას კი ერთ-ერთის დედა არღვევს. პაულინ პარკერი და ჯულიეტ ჰულმე პარკერის დედას სასტიკად გაუსწორდნენ. ეს რეალური ამბავია, რომელზე ფილმის გადაღების უფლებაც ჯექსონმა მოიპოვა და თავისი წინა ფილმებისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი გადაიღო. „ზეციურმა ქმნილებებმა” ვენეციის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა, ჯექსონს ჰოლივუდისკენ გზა გაუხსნა, ხოლო ქეით უინსლეტი იმედისმომცემ მსახიობად წარმოაჩინა. სწორედ პიტერ ჯექსონია ის რეჟისორი, რომელმაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსახიობი აღმოაჩინა. ისევე როგორც წინა პროექტებში, აქაც ჯექსონი თვითონ აკეთებდა ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა თითოეულ დეტალს, მონაწილეობას იღებდა სპეცეფექტების შექმნაში. სწორედ აქ დაუახლოვდა Weta Workshop-ის ხელმძღვანელობას და მათთან ერთად Weta Digital შექმნა – კომპანია, რომელიც სპეცეფექტების გიგანტად იქცა. „ავატარი”, „მაიმუნების პლანეტის აღზევება”, „ტენტენი”, „შურისმაძიებლები”– ვიზუალურად რევოლუციური ყველა ფილმი სწორედ ჯექსონის კომპანიას უკავშირდება. პიტერმა და მისმა მეუღლემ გუნდი გააფართოვეს, Weta Digital-ის შემადგენლობა ჯექსონის საძმოში გაწევრიანდა და ნელ-ნელა რაღაც გრანდიოზულისკენ სვლა დაიწყო.

1993 წელს „იურული პერიოდის პარკის” გამოსვლამ ჯექსონი დაარწმუნა, რომ ტექნოლოგიები იძლეოდა საშუალებას, გადაეღო რეალისტური ფენტეზი, რომელსაც იაფფასიანი ვიზუალი არ ექნებოდა. კინოკომპანია Universal-მა ჯექსონი „კინგ კონგის” რიმეიქის გადასაღებად დაიქირავა. რეჟისორის ოცნება ახდა, თუმცა ბედის ირონიით, სწორედ იმ წლებში (1997-98) „უძლეველი ჯო იანგი” და „გოძილა” გამოვიდა – ორი ფილმი გიგანტურ მონსტრზე და Universal-მა დროებით უარი თქვა „კინგ კონგის” გაღვიძებაზე. ეს ჯექსონის კარიერაში საბედისწერო მომენტად იქცა.

„18 წლის ვიყავი, „ბეჭდების მბრძანებელი” რომ წავიკითხე და გავიფიქრე „ერთი სული მაქვს, ფილმი როდის გამოვა-მეთქი”. 20 წელი გავიდა და არავის არაფერი გადაუღია – მოთმინება საბოლოოდ დავკარგე”, – ეს სიტყვები ჯექსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, იქამდე მისასვლელად კი ურთულესი გზა გაიარა. მან და ფრენ უოლშმა Miramax Films-ის ბოსი ჰარვი ვაინშტაინი „ბეჭდების

კინგ კონგი
მბრძანებლის” გადაღებაზე დაითანხმეს. იმ დროს ტოლკინის ქმნილებებზე ეკრანიზაციის უფლებებს საულ ზეიცი ფლობდა, ჯექსონმა სწორედ მისგან იყიდა უფლებები და მეუღლესთან ერთად სცენარის წერას შეუდგა. ვაინშტაინის მოთხოვნით, სამნაწილიანი წიგნი ჯექსონმა ორ ფილმად გაყო, მშობლიურ ახალ ზელანდიაში გადაღების უფლება და 75-მილიონდოლარიანი ბიუჯეტი მოითხოვა. თუმცა Miramax-ის წარმომადგენლების გათვლით, „ბეჭდების მბრძანებლის” გადასაღებად, მინიმუმ, 150 მილიონი იყო საჭირო – ამხელა თანხის ჩადებას კი შეუშინდნენ და ჯექსონს ტოლკინის ნაწარმოების ერთ ფილმში ჩატევა მოსთხოვეს, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. პიტერმა სცენარი ჰოლივუდის სხვა კომპანიებს მიუტანა. დიდმა კინოკომპანიებმა პროექტი სარისკოდ მიიჩნიეს და ჯექსონი უარით გაისტუმრეს, მხოლოდ New line cinema დათანხმდა მის წინადადებას და მეტიც, სამი ფილმის გადაღება შესთავაზა, თითოეულზე კი დაახლოებით 95 მილიონი დოლარი გამოყო. ტრილოგია უკვე კრეატიულ თავისუფლებასა და ტოლკინის სამყაროს მაქსიმალურად ზუსტად გადმოცემის საშუალებას იძლეოდა. ჯექსონმა სამუშაო გუნდის შეკრება დაიწყო და ყველა გააფრთხილა, რომ წინ რამდენიმეწლიანი სასტიკი შრომა ელოდათ.

7 წელი მიუძღვნა პიტერ ჯექსონმა „ბეჭდების მბრძანებლის” შექმნას. მას არ უნდოდა უბრალოდ ფენტეზის, კარგი ფილმის გადაღება. ეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული, ძალიან რეალური ეპოპეა ტოლკინის სამყაროში, სადაც ყველა დეტალი მაქსიმალურად ნამდვილი და ცოცხალი უნდა გამოსულიყო. ტრილოგიას თითქმის 4 წელი იღებდა. მან გარისკა და სამივე ფილმი ერთდროულად გადაიღო, მასთან ერთად კი New line cinema-მაც ძალიან ბევრი შემოდო სასწორზე – ასეთ პროექტებში გამოუცდელ რეჟისორს ერთბაშად დიდი ფული და უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. „ბეჭდების მბრძანებელი” ხომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია.

ბეჭდების მბრძანებელი
ჯექსონი პერფექციონისტია, თითოეულ ეპიზოდზე ათეულობით დუბლს იღებს, სხვადასხვა კუთხეს ირჩევს, რაც მონტაჟის დროს ეხმარება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარის დაცვა რეალობასა და ფენტეზის შორის, რომელსაც აკურატულად, გემოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით აღწევს ხოლმე. „ბეჭდების მბრძანებლის” გადაღებების დაწყებამდე, ჰობიტონის გადასაღებად დეკორაციაზე და კომპიუტერულ ეფექტებზე უარი თქვა. ჰობიტების საცხოვრებლები ააშენებინა და მათ ეზოსა თუ ბოსტანში სხვადასხვა პროდუქტი დაათესინა, რათა ყველაფერი მაქსიმალურად ნამდვილი ყოფილიყო. ახალი ზელანდიის მრავალფეროვანმა ბუნებმა რეჟისორს საშუალება მისცა, ლოკაციები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და ტოლკინის სტილში ყოფილიყო. პიტერ ჯექსონი „ბეჭდების მბრძანებელს” არა მაყურებლისთვის, არამედ სწორედ დიდი ბრიტანელი მწერლისთვის იღებდა. ეს პროექტი უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ტოლკინი ინატრებდა. ამიტომ ჯექსონი სცენარს თითქმის ყოველდღე ამუშავებდა და შესწორებები შეჰქონდა. მან ყველა მსახიობს 1981 წლის BBC-ის რადიოადაპტაცია მოასმენინა, რომელსაც იან ჰოლმი (ბილბო ბეგინსი) კითხულობდა. ჯექსონმა არაგორნის როლის შემსრულებელი სტიუარტ თაუნსენდი სახლში გაუშვა, რადგან გადაწყვიტა, რომ არაგორნი უფრო
ჰობიტი
ასაკოვანი უნდა ყოფილიყო. სპეცეფექტებიდან დაწყებული, გრიმითა და კოსტიუმებით დასრულებული, ყველა დეტალს პირადად ამოწმებდა და სანამ იდეალურ სახეს არ მიიღებდა, ჯგუფს მანამდე ამუშავებდა. ათიათასობით იარაღი და ჯავშანი დაამზადეს „ბეჭდების მბრძანებლისთვის”, უამრავი ყური, ცხვირი, ხელი და ფეხი შეაქმნევინა ჯექსონმა გრიმიორებს, რათა ყველაფერი ორიგინალური ყოფილიყო. მიუხედავად იდეალისტური მიდგომისა, ის სხვა პერფექციონისტი რეჟისორებისგან განსხვავებით, სამუშაო ჯგუფს უყვარდა. ჯექსონი თვითონ იყო ჰობიტი, მხიარული, ენთუზიასტი, კარგი იუმორის მქონე და მუდამ პოზიტიური პუტკუნა სათვალიანი კაცი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ფეხშიშველი, შორტებით დააბიჯებდა. ის ტირანი არ იყო, პირიქით, ახერხებდა იმას, რომ ტირანულ სამუშაოს ყველას ხალისით აკეთებინებდა. საბოლოოდ, 1770 კილომეტრი სიგრძის ფირი დაიხარჯა, საიდანაც ჯექსონმა 11-საათიანი და 23-წუთიანი ტრილოგია შექმნა – სამი ფილმი, რომელიც ყველანაირ შრომად და რისკად ღირდა.

„ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიამ 17! ოსკარი მოიგო. კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია და კოპოლას „ნათლიასთან” ერთად, ერთადერთი ტრილოგიაა, რომლის სამივე ნაწილი, საუკეთესო ფილმის წოდებისთვის, ოსკარზე იყო ნომინირებული. „ბეჭდების მბრძანებელი” საკულტო ნამუშევრად და კლასიკად იქცა, რომელიც დროის სვლასთან ერთად, კინოს ისტორიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ნამუშევარი ხდება. ჯექსონმა აჩვენა კინოსამყაროს, რომ ფილმის ჟანრს, ბიუჯეტს, სიუჟეტს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი მიდგომა და ზუსტი დეტალიზაციაა. მთავარია, მაყურებელს აჩვენო, რომ ყველაზე წარმოუდგენელი რამ შეიძლება რეალობა იყოს. პიტერ ჯექსონმა „ბეჭდების მბრძანებლით”, ყველაზე ცოტა, 11 საათით მაინც მოახერხა ხალხის შუამიწეთში გამგზავრება, სადაც მათ მისი დახატული, ტოლკინის შექმნილი პერსონაჟები ელოდნენ.

დიდების ზენიტში მყოფმა რეჟისორმა არაერთი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ჯექსონს თავისი ბავშვობის ოცნების ახდენა სურდა, ის კვლავაც „კინგ კონგის” რიმეიქს უმიზნებდა. კინოკომპანია Universal-მა ჯექსონს, წინასწარ, დღემდე სარეკორდო 20 მილიონი დოლარი გადაუხადა და გიგანტური მაიმუნის ეკრანზე დაბრუნების შანსი მისცა. პიტერმა ისევ თავისი საძმო შემოიკრიბა და კვლავაც „ორ ციხესიმაგრეს” – Weta-ს სპეცეფექტებსა და ახალი ზელანდიის ბუნებას დაეყრდნო. შედეგად ჯექსონმა მეფე ღირსეულად დააბრუნა. სამსაათიანი ეპოპეა კრიტიკოსებმა თბილად მიიღეს და კლასიკური ნაწარმოების წარმატებული რიმეიქის სანიმუშო მაგალითად მიიჩნიეს.

„კინგ კონგის” დასრულების შემდეგ ჯექსონმა ოთხწლიანი პაუზა აიღო და მხოლოდ 2009 წელს დაბრუნდა, როცა ჯერ ახალი ტალანტი ნილ ბლომკამპი აღმოაჩინა და შემდეგ „საყვარელი ძვლები” გადაიღო. ნილ ბლომკამპს ჯექსონმა 30 მილიონი დოლარი და სრული თავისუფლება მისცა, მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღფრთოვანებული, პროექტის წარმატებაში დარწმუნებული იყო. ზელანდიელ ხელოვანს ალღომ არც ამჯერად უღალატა და „მეცხრე რაიონი” ნამდვილ ჰიტად იქცა, ამასთან ერთად, ოსკარზეც იყო ნომინირებული. „საყვარელი ძვლები” ჯექსონის ჩავარდნა იყო. კინოში ხმაურიანი დაბრუნების მაგივრად, მაყურებელმა ოჯახური დრამა არ მიიღო.

„ბეჭდების მბრძანებლის” წარმატების შემდეგ ყველა „ჰობიტის” ეკრანიზაციაზე ალაპარაკდა. რეჟისორის სავარძელში, რა თქმა უნდა, პიტერ ჯექსონი უნდა ყოფილიყო. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ მოხდა. „ჰობიტის” გადაღებისა და დისტრიბუციის უფლებებს სხვადასხვა კომპანიები ფლობდნენ, ჯექსონს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა New line cinema-სთან, რომელსაც, თავის მხრივ, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. 2005 წელს „ჰობიტი” ნელ-ნელა დაიძრა ადგილიდან, თუმცა ყოველ წელს ახალი პრობლემა ჩნდებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი 2008 წელს მოგვარდა, როცა ჯექსონმა აღმასრულებელი პროდიუსერის პოსტი დაიკავა და რეჟისორის სავარძელი გილერმო დელ ტოროს დაუთმო. ფილმების – „ფავნის ლაბირინთისა” და „ჰელბოის” – რეჟისორს ჯექსონი

ცუდი გემო
იდეალურ ვარიანტად მიიჩნევდა და მასთან ერთად დაიწყო „ჰობიტის” კონცეფციაზე მუშაობა. უამრავი დაპირისპირებისა და იდეური უთანხმოების მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ სცენარი დაწერეს და გადასაღებად ყველაფერი მოამზადეს, თუმცა კინოკომპანიებში კვლავაც გაურკვევლობა იყო, დაფინანსება არ ჩანდა და პროექტი კვლავ გაჩერდა. ამდენმა დაყოვნებამ გილერმო დელ ტორო გააღიზიანა და მან 2010 წელს პროექტი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი უარს ამბობდა რეჟისორობაზე, ბოლოს „იძულებული გახდა”, „ჰობიტი” თვითონ გადაეღო. ამ პროექტზე მუშაობისას ჯექსონი მიხვდა, რომ ფილმი არა დილოგია, არამედ ტრილოგია უნდა ყოფილიყო. მესამე ნაწილი ტოლკინის ნაწარმოებების შემაერთებელი ხიდი იქნება – ფილმი, რომელიც „ჰობიტსა” და „ბეჭდების მბრძანებელს” შორის არსებულ ნაპრალს შეავსებს. რა და როგორ გამოუვა ჯექსონს, ამას მაყურებელი სულ მალე, 14 დეკემბრიდან იხილავს კინოთეატრებში. „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა” – ასე ჰქვია ტრილოგიის პირველ ნაწილს, რომელიც რევოლუციური 48 კადრი წამში კამერითაა გადაღებული.

პიტერ ჯექსონი თვითნასწავლი ხელოვანია, პროფესიული განათლება არ მიუღია, მისი ერთადერთი მასწავლებელი მისივე შეცდომები იყო, რამაც ყველაზე კარგი გაკვეთილები ჩაუტარა – გაკვეთილები, რომლებმაც კინოს „ბეჭდების მბრძანებელი” აჩუქა. ჯექსონი პუტკუნა აღარაა, არც სათვალეს იყენებს, თუმცა ისევ ისეთი მხიარული ჰობიტი პერფექციონისტია, რომელიც გადასაღებ მოედანზე დახტუნავს და თავის საყვარელ ფრაზას – „წარმატებისთვის კიდევ ერთი დუბლი გადავიღოთ”, გაიძახის. ის რეჟისორია, რომელიც თავის ყველა ფილმს იმ პატარა ბავშვისთვის იღებს, ფექერუა ბეიში „კინგ კონგის” ყურებისას რომ ატირდა, და რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ შეაყვაროს ადამიანს კინო. 

 

კომენტარები