მაგნიტსკის საქმე

რუსული დელეგაცია ეუთო-ში მაგნიტსკის საქმეში მხილებულ დამნაშავეებს მფარველობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის წევრები მონაკოში, სერგეი მაგნიტსკის საქმის ცნობილ მონაწილეებს, დმიტრი კლუევსა და ანდრეი პავლოვს, იმ შენობაში შესვლაში დაეხმარნენ, სადაც ასამბლეის სხდომა მიმდინარეობდა.

ამის შესახებ Hermitage Capital-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, რომელსაც ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ერთვის. ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ ფონდის სახელით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 180 მილიონი დოლარის დატაცების ფაქტი ამხილა, რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 2009 წელს იგი ციხეში გარდაიცვალა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამჟამად მაგნიტსკის საქმეზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც მიესალმება დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რუსი მოხელეებისთვის ფინანსური და სავიზო სანქციების შემოღებას.

Hermitage Capital-ის აზრით, რუსეთის დელეგაციის წევრებმა კრიმინალში ეჭვმიტანილ კლუევსა და მის იურისტ პავლოვს შენობაში შესვლის საშუალება იმისთვსი მისცეს, რათა სანქციების შემოღების წინააღმდეგ ლობირებაში მიეღოთ მონაწილეობა. თანაც, რუსმა დელეგატებმა - დელეგაციის მდივანმა გლებ რეშეტნიკოვმა და სახელწმიფო სათათბიროს წევრმა ილია კოსტუნოვმა, სტუმრებს საკუთარი ბეიჯები გადასცეს, რათა შენობაში დაუბრკოლებლად შესულიყვნენ.

დმიტრი კლუევი 2006 წელს 1,6 მილიარდი რუბლის დატაცების მცდელობისთვის გაასამართლეს. იგი და პავლოვი მაგნიტსკის მიერ მხილებული კორუფციული სქემის საკვანძო ფიგურები იყვნენ. კლუევიც და პავლოვის მაგნისტკის საქმის შესახებ არსებულ მასალებში ფიგურერებენ, დასავლური სანქციები მათ უშუალოდ ემუქრებათ.

„მათი მონაწილეობა რუსეთის ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში და მაგნიტსკის რეზოლუციის განხილვაზე დასწრება სიმბოლური ჟესტია, რომლითაც რუსეთი დასავლეთს უჩვენებს დამოკიდებულებას კორუფციის პრობლემებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ“, - აღნიშნულია Hermitage Capital-ის ცნობაში.

 

კომენტარები